ედუარდ შევარდნაძის პირადი არქივი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება
25 იანვარს ედუარდ შევარდნაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს ფოტოგამოფენას სახელწოდებით – „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“.
26 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ფოტოგამოფენაზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ასევე, გამოფენის გახსნაზე ედუარდ შევარდნაძის მემუარების – „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ – მეორე, შევსებული გამოცემის პრეზენტაციაც შედგება, რომლის გამომცემელია „ნეოსტუდია“.
წიგნის ახალი გამოცემა უფრო სრულად წარმოგვიდგენს ედუარდ შევარდნაძეს, როგორც XX საუკუნის მსოფლიო დონის სახელმწიფო მოღვაწეს, რეფორმატორსა და პოლიტიკოსს, თვალსაჩინო დიპლომატსა და უნიკალურ პიროვნებას, რომელმაც ეპოქა შეცვალა.
„ეს წიგნი, უპირველესად, წარსულის შეფასების სურვილმა დაბადა, იმ მოვლენათა და ადამიანთა გახსენების სურვილმა, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნისა და თანამედროვე მსოფლიოს ისტორია. ამავე დროს, იგი იწერებოდა მომავალზე ფიქრით. მისი უპირველესი ადრესატი მომავალი თაობაა, რომელსაც ამ წარსულის ტვირთად ზიდვა, საბედნიეროდ, აღარ მოუწევს“, – წერს ედუარდ შევარდნაძე.
მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია დაეთმობა ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულ, 1950-2000-იანი წლების ფოტოებს. გამოფენა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, პრეზიდენტის, პოლიტიკოსის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს, არამედ უახლესი ისტორიაა უმნიშვნელოვანესი მოვლენებით.
ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება ნანული შევარდნაძის მიერ 20 წლის წინ დაგეგმილი გამოფენისთვის განკუთვნილი ფოტოები, რომელიც მეუღლეს – ედუარდ შევარდნაძეს ეძღვნებოდა.
ასევე, გამოფენის გახსნაზე საზოგადოება გაეცნობა კიდევ ერთ ახალ გამოცემას – „რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე“, რომელიც ნანა ზურაბიშვილმა შეადგინა. 20 წუთიანი ფილმის სცენარისთვის ჩაფიქრებული ტექსტი, საბოლოოდ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ამსახველ 100 გვერდიან ნაშრომად იქცა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.