ედუარდ სააკაშვილი - მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, გვინდა, დავეხმაროთ მას, რომ იპოვოს გამოსავალი ამ საშინელი სიტუაციიდან
რაც უფრო დიდია საერთაშორისო კონსენსუსი, რომ მამაჩემის სიცოცხლე საფრთხეშია, მით უფრო გაიზრდება შანსები მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა სტრასბურგში, Renew Europe-ის პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.
ედუარდ სააკაშვილის თქმით, ოჯახი მზად იყო საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ იმ მოცემულობისთვის, რომ ის, შესაძლოა, დაეპატიმრებინათ და მრავალი წლის გატარება ციხეში მოუწევდა, თუმცა ისინი მზად არ აღმოჩნდნენ იმ რეალობისთვის, რომლის წინაშეც არიან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადარჩენისთვის იბრძვის.
„წელიწად-ნახევრის წინ, მე, როგორც მისმა შვილმა, დავიწყე მზადება იმ შესაძლებლობისთვის, რომ კი, ის ალბათ წავა საქართველოში და შესაძლოა, ციხეში ჩასვან დიდი ხნით, ვემზადებოდი ამისთვის. რისთვისაც მზად არ ვიყავით, იყო ის, რომ მას გადარჩენისთვის მოუწევდა ბრძოლა. მასთან ყოველთვის არ მიშვებდნენ, ყოველ ჯერზე ის უფრო მეტად დასუსტებული იყო“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.
ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, როდესაც მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ერთი წლის წინ საუბრობდა, ხელისუფლება ამას სიმულაციად და სიცრუედ აფასებდა. თუმცა, ბოლო პერიოდში მთავრობის ეს ხაზი შეიცვალა და ახლა აღიარებენ, რომ საფრთხე მართლაც რეალურია, თუმცა ამ საფრთხეს სუიციდურ მიზნებს უკავშირებენ.
„გასულ თვეს, მას შემდეგ რაც ექიმებმა გასინჯეს მამაჩემი, მათ შორის უცხოელებმა აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან და დაასკვნეს, რომ ვითარება საგანგაშოა, მთავრობის ჰოსპიტალმა, სადაც მამაჩემი წევს, გამართა პრესკონფერენცია და განაცხადეს, რომ, დიახ, სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია, ცუდია და უარესდება. ახლა საქართველოს მთავრობა უკვე აღიარებს, რომ აქ ყალბი არაფერია და საფრთხე რეალურია. გარდა ამისა, დაამატეს, რომ ეს არის სუიციდური საქმე. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს არ არის სუიციდი, მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე. სწორედ ამიტომ ვართ აქ. აქ ვართ, რადგან გვინდა, დავეხმაროთ მას, იპოვოს გამოსავალი ამ საშინელი სიტუაციიდან“, – აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის ვაჟი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმისადმი საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა მათ აიმედებს, რომ საბოლოოდ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას შეძლებენ.
„რაც გვაიმედებს, არის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა და ყურადღება ამ საკითხის მიმართ. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს გაგრძელდეს. მადლიერი ვარ ყველასი ამ დარბაზში და მის მიღმა, ვინც გვეხმარება, შევინარჩუნოთ ეს ინფორმირებულობა. ბოლო დღეებში ვიხილეთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, უკრაინის პრეზიდენტმა, ევროკავშირის 28 წევრმა, „ჰუმან რაითს ვოჩმა“, „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ მოუწოდეს საქართველოს მთავრობას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ. ასევე, ევროპის პარლამენტმა მიიღო არაერთი რეზოლუცია. ვფიქრობ, როდესაც მამაჩემი გამოჯანმრთელდება და შეძლებს საზღვარგარეთ მკურნალობას, ეს დიდწილად იქნება ამ დარბაზში და მის მიღმა მყოფი ხალხის დამსახურება, ვინც გვეხმარება ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.