ედგარს რინკევიჩსი - რუსეთის აგრესიული პოლიტიკა არ გაქრება არც უკრაინაში ომის აქტიური ფაზის შემდეგ, ევროპამ უფრო მეტად უნდა შეამციროს რუსეთთან ვაჭრობა, მათ შორის ენერგო იმპორტი
ედგარს რინკევიჩსი - რუსეთის აგრესიული პოლიტიკა არ გაქრება არც უკრაინაში ომის აქტიური ფაზის შემდეგ, ევროპამ უფრო მეტად უნდა შეამციროს რუსეთთან ვაჭრობა, მათ შორის ენერგო იმპორტი

ევროპამ კიდევ უფრო მეტად უნდა შეამციროს ვაჭრობა რუსეთთან, მათ შორის ენერგო იმპორტი, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა რიგაში გერმანიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მასპინძლობის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიის შემდეგაც არ დამშვიდდება და მტრულ მოქმედებებს განაგრძობს.

„გვესმის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა არ გაქრება არც უკრაინაში ომის აქტიური ფაზის შემდეგ. ჩვენ ჩვენი ეკონომიკის რეორიენტირება უნდა განვახორციელოთ, რუსეთთან თანამშრომლობიდან, მის სრულ იზოლაციამდე. იქნება ეს ენერგო თუ სხვა სფერო”, – განაცხადა რინკევიჩსმა.

ამასთან, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლოსთვის შეწყვეტს.

„გერმანია სრულად იტყვის უარს რუსულ ენერგო იმპორტზე“, – აღნიშნავს მინისტრი.

მისი თქმით, ნავთობის იმპორტი ზაფხულისთვის ორჯერ შემცირდება. რაც შეეხება ს, ​ბერბოკის თქმითვე, ქვანახშირის იმპორტი ზაფხულის მიწურულისთვის შეწყდება, ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტაზე კი, გრაფიკი უფრო ხანგრძლივი იქნება.

„ჩვენ წარსულში შეცდომები დავუშვით ზუსტად ამ სფეროში, თუმცა, წარსულს ვერ დავაბრუნებთ. ახლა უნდა შევწყვიტოთ ენერგომატარებლების იმპორტი რუსეთიდან. დიახ, გერმანიაც სრულად უარს იტყვის რუსულ ენერგო იმპორტზე. ზაფხულისთვის ორმაგად შევამცირებთ, წლის ბოლოსთვის კი ნულამდე დავიყვანთ”, – აღნიშნავს ბერბოკი.