ედგარს რინკევიჩსი - ლატვია მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების აკრძალვას, ეს უსაფრთხოების საკითხია, სანქცირების გაგრძელებაა და საერთო არაფერი აქვს კოლექტიურ დასჯასთან
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვია მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვას.
მისივე შეფასებით, ეს არის მკაფიო გზავნილი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ როდესაც უკრაინელები იხოცებიან, მათ ევროპაში ჩასვლას არ მიესალმებიან.
„ნამდვილად რაც გვჭირდება, არის გადაწყვეტილების მიღება ვიზების გაცემის საკითხთან დაკავშირებით. ეს ის თემაა, რომელზეც ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, სულ მცირე, ნაბიჯს წინ გადავდგამთ. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერს ვიზების აკრძალვას და ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 6 თვის წინ წამოვაყენეთ. მჯერა, რომ ეს უსაფრთხოების საკითხია, რუსეთის სანქცირების გაგრძელებაა და საერთო არაფერი აქვს კოლექტიურ დასჯასთან. ვფიქრობ, ეს უბრალოდ ძალიან მკაფიო გზავნილია რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ როდესაც უკრაინელები იხოცებიან, მათ ევროპაში ჩასვლას არ მიესალმებიან. სერიოზულად ვერ მივიღებ არგუმენტს, რომ ევროპაში სტუმრობის შემდეგ რუსები მოისურვებენ საკუთარ ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლას. წლებია, ასეთი ტურისტული ვიზები გვაქვს…ველოდები, რომ გვექნება დისკუსია. როგორც წესი, გადაწყვეტილებებს ვერასდროს ვიღებთ ერთი შეხვედრით, ამას დრო სჭირდება. ვფიქრობ, კოლეგები გაიზიარებენ ჩვენს უსაფრთხოებას და პოლიტიკურ შეშფოთებას. მე მომხრე ვარ, რომ არ მივცეთ შემოსვლის უფლება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ტურისტული ვიზა.
ვფიქრობ, ჩვენ შევეხებით კანონიერ და ტექნიკურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია და მხედველობაშია მისაღები შენგენის კანონი, ეროვნული უსაფრთხოების კონსენსუსი. კიდევ განვმეორდები, დისკუსიებისთვის ღია ვართ, ამ ფორმატში უკვე 11 წელია, ვარ და არ მახსენდება, ევროკავშირს ერთი შეხვედრით მიეღოს გადაწყვეტილება. მაგრამ თუ გარკვეულ გზამკვლევს შევიმუშავებთ, ეს უკვე იქნება საფუძველი სასიკეთო შედეგების. მინდა, შეგახსენოთ, რომ სწორედ ტურისტული ვიზებით შემოსულმა ადამიანებმა აქ, ჩეხეთში ააფეთქეს ქარხნები, პასუხისმგებლები არიან სოლსბერიზე. მინდა, შეგახსენოთ რამდენიმე მკვლელობა. ეს ის ფაქტებია, რომელიც ომამდე მოხდა, ომის შემდეგ ჩვენ უსაფრთხოების გაზრდილ რისკებს ვხედავთ“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა ჩეხეთში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, სადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე იმსჯელებნ.