ედგარს რინკევიჩსი - ჩემი რჩევა იქნება, გახდეთ იმდენად მიმზიდველი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებმა რუსეთის გაშვება და საქართველოს ერთიან შემადგენლობაში ყოფნა მოინდომონ
ათი წლის წინ რუსული აგრესია ყველა ჩვენგანისთვის საგანგაშო ზარი იყო, მაგრამ ეს სათანადოდ ვერ გავაცნობიერეთ, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსიმ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიჩნია, რომ ეს არის ადგილობრივი და არცთუ ისე მნიშვნელოვანი კონფლიქტი, ამიტომ რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობას დაუბრუნდა, თუმცა ექვსი წლის შემდეგ, იგივე განმეორდა ყირიმში.
„ყველას გვესმის, რომ სამწუხაროა, რაც ათი წლის წინ მოხდა, ეს აგრესია ყველა ჩვენგანისთვის საგანგაშო ზარი იყო, მაგრამ ეს პირველი განგაშის ზარი ყველამ ვერ გავაცნობიერეთ სათანადოდ. საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩათვალა, რომ ეს არის ადგილობრივი და არცთუ ისე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და ჩვენ დავუბრუნდით ჩვეულებრივ ურთიერთობას რუსეთთან, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ, ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია გვიჩვენებს, თუ რა იყო აგვისტოს ომი.
ახლა ბევრად უკეთ ვართ მომზადებული როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგრამ მაინც გვაქვს გზა გასავლელი. ბალტიის ქვეყნები როდესაც ვაკაკუნებთ ნატო-ს კარზე, გვითხრეს, რომ ისეთი მიმზიდველი უნდა გახდეთ, რომ ნატო-მ და ევროკავშირმა გთხოვონ შესვლა. ჩემი რჩევა იქნება, იმდენად მიმზიდველი უნდა გახდეთ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებლებმა უნდა მოინდომონ რუსეთის გაშვება და საქართველოს ერთიან შემადგენლობაში ყოფნა.
რაც შეეხება რეფორმებს, ხანდახან ჩვენ ამ ტერმინებს ვიყენებთ ბევრი კარგი მიზეზით, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ სიტყვა განვითარებული ქვეყანა.
როდესაც საქართველოში ვიყავი ჯერ კიდევ 14 წლის წინ და რომ ვუყურებ და ვადარებ საქართველოს ამ 14 წლის შემდგომ, ვხედავ განვითარებულ ქვეყანას, მაგრამ ამავდროულად კიდევ არის საჭირო ძალისხმევა.
ასევე გირჩევთ, ყველა ის ინსტრუმენტი, ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან და ნატო-სთან შემუშავებული პროგრამები, გამოვიყენოთ“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსიმ.
მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში რაც შეიძლება მოწინავე ადგილზე იყოს.
„ბალტიის ქვეყნების გამოცდილებიდან მსურს აღვნიშნო, ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღლა უნდა იყოს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ ევროკავშირში, გაერო-ში, ყველა ნებისმიერ ფორუმში.
ჩვენ გვაქვს გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ბალტიის ქვეყნების არაღიარების, როდესაც ბევრმა ქვეყანამ არ აღიარა ეს ოკუპაცია. როდესაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ამ ქვეყნების მიდგომა ძალიან გამოგვადგა. ამიტომაც ჩამოვედით აქ, რომ საქართველოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსიმ.