ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) „ხელედულა-3 ჰესის“ დაფინანსებას 30 მილიონი დოლარით გეგმავს.
პროექტის კონცეფცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა უკვე განიხილა. ბანკის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაფინანსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორგანიზაციის ბორდი, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს მიიღებს.
პროექტს თურქული „ანადოლუ ჯგუფი“ ახორციელებს. 51 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მთლიანი ღირებულება 88.7 მილიონი დოლარია.
EBRD-ში აცხადებენ, რომ პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ასევე ხელს შეუწყობს თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობას.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში „ხელედულა-3 ჰესის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ პროექტის განხორციელება ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.
მოსახლეობასთან ჰესის მშენებლობის თემაზე შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი გეგმავს.