EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი საქართველოს ეწვევა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელის, იურგენ რიგტერინკის ერთკვირიანი ვიზიტი კავკასიაში დღეს დაიწყება. რიგტერინკი ჯერ სომხეთს ესტუმრება, შემდეგ – საქართველოსა და აზეირბაიჯანს.
EBRD-ის პრესსამსახურის ცნობით, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რიგტერინკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს, ბიზნესლიდერებსა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს თითოეულ ქვეყანაში. ის ასევე დაესწრება უფლებამოსილების გადაბარებას კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენსა და მის მემკვიდრეს, ალკის ვრენიოს დრაკინოსს შორის.
სომხეთში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკრედიტო ხაზს ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან კერძო სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით. საქართველოში რიგტერინკი გამოაცხადებს პროგრამის დაწყებას EBRD-ის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულების ფარგლებში. აზერბაიჯანში ის მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დაწყებაში ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და სწავლებისთვის, რაც ორგანიზებულია სახელმწიფო პროფესიული განათლების სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავს კვების მრეწველობის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას.
„ეს ვიზიტი შესაძლებლობაა, შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესსაზოგადოების წევრებს, რათა ვიმსჯელოთ პრიორიტეტებზე რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინასთან რუსეთის ომისა და მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით. კავკასია ბანკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ მუდმივი მხარდაჭერა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების, საკონსულტაციო სერვისებისა და პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობის გზით“, – აღნიშნა რიგტერინკმა ვიზიტის წინ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში აღნიშნავენ, რომ EBRD-მა ათ მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა რეგიონში 680 პროექტში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.