EASO - საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა
თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისი (EASO) ბოლო ერთი წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
სტატისტიკაში მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან ევროპაში მიმართვიანობასთან დაკავშირებული პროცესებია აღწერილი.
EASO-ს მონაცემებით, ბოლო ერთ წელში, ევროპის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 35% პროცენტით არის გაზრდილი.
მონაცემები მოიცავს 2016 წლიდან 2017 წლის ჩათვლით პერიოდს.
EASO-ს ცნობით, მხოლოდ გასული წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით 1 465 განცხადებაა აღრიცხული.
თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისის ანგარიშში, საქართველოს ცხრილში ჩანს, რომ მაღალია განცხადებებზე უარის თქმის შემთხვევები.
ანგარიშის თანახმად, დეკემბერში 1 465 ახალი აპლიკანტიდან უარი თავშესაფარზე 879-მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო. მხოლოდ 13 მოქალაქეს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა, 5 მოქალაქე დროებითი სუბსიდირების პროგრამაში მოხვდა, დანარჩენების ბედი კი გაურკვეველია.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პასუხის მოლოდინში ამჟამად საქართველოს მოქალაქეებთან დაკაშირებული 3 117 ქეისია.
EASO-ს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპის ქვეყნებში 13%-ით არის შემცირებული თავშესაფრის მინიჭების დაკმაყოფილების შემთხვევები.
2017 წელს თავშესაფარი ჯამში 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, წინა პერიოდის სტატისტიკასთან შედარებით 43%-იანი კლებაა.
ცალკეული ქვეყნებიდან მოთხოვნების ზრდის რაოდენობით სიის სათავეში არიან: სირიის, ერაყის, ავღანეთის და ნიგერიის მოქალაქეები.
EASO თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის მიხედვით შედგენილ სიაში ტოპ-10 ქვეყნის გარდა, ასევე საყურადღებოა საქართველოს, ვენესუელის (+158%) და თურქეთის (+45%) გაზრდილი მონაცემები.
თავშესაფრის მინიჭების ევროპულმა ოფისმა კვლევა ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა. ეს მონაცემები ევროკავშირისთვის სახელმძღვანელო გახდება.