EASO - საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა
EASO - საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 35%-ით გაიზარდა

თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისი (EASO) ბოლო ერთი წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

სტატისტიკაში მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან ევროპაში მიმართვიანობასთან დაკავშირებული პროცესებია აღწერილი.

EASO-ს მონაცემებით, ბოლო ერთ წელში, ევროპის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 35% პროცენტით არის გაზრდილი.

მონაცემები მოიცავს 2016 წლიდან 2017 წლის ჩათვლით პერიოდს.

EASO-ს ცნობით, მხოლოდ გასული წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით 1 465 განცხადებაა აღრიცხული.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული ოფისის ანგარიშში, საქართველოს ცხრილში ჩანს, რომ მაღალია განცხადებებზე უარის თქმის შემთხვევები.

ანგარიშის თანახმად, დეკემბერში 1 465 ახალი აპლიკანტიდან უარი თავშესაფარზე 879-მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო.  მხოლოდ 13 მოქალაქეს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა, 5 მოქალაქე დროებითი სუბსიდირების პროგრამაში მოხვდა, დანარჩენების ბედი კი გაურკვეველია.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პასუხის მოლოდინში ამჟამად საქართველოს მოქალაქეებთან დაკაშირებული 3 117 ქეისია.

EASO-ს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპის ქვეყნებში 13%-ით არის შემცირებული თავშესაფრის მინიჭების დაკმაყოფილების შემთხვევები.

2017 წელს თავშესაფარი ჯამში 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, წინა პერიოდის სტატისტიკასთან შედარებით 43%-იანი კლებაა.

ცალკეული ქვეყნებიდან მოთხოვნების ზრდის რაოდენობით სიის სათავეში არიან: სირიის, ერაყის, ავღანეთის და ნიგერიის მოქალაქეები.

EASO თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის მიხედვით შედგენილ სიაში ტოპ-10 ქვეყნის გარდა, ასევე საყურადღებოა საქართველოს, ვენესუელის (+158%) და თურქეთის (+45%) გაზრდილი მონაცემები.

თავშესაფრის მინიჭების ევროპულმა ოფისმა კვლევა ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა. ეს მონაცემები ევროკავშირისთვის სახელმძღვანელო გახდება.