ავიაკომპანია „ეარ მალტა“ (AIR MALTA) საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 4 ივლისიდან იწყებს.
რეგულარული რეისები თბილისი-მალტა-თბილისი კვირაში ერთხელ შესრულდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი, ასევე კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, გაერთიანება მიესალმება ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე.
„ეარ მალტასთან“ 2015 წლიდან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. კიდევ ერთი ავიაკომპანია ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის გაზრდას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენი მიმართულება გახლავთ ახალი ავიაკომპანიების დაინტერესება იმით, რომ შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ამასთან, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ყოველი ახალი რეისი ახალ სტრატეგიულ მიმართულებას გულისხმობს.
„პირდაპირი რეისი უმთავრესია ტურიზმის წინსვლისთვის და მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთმა ავიაკომპანიამ გამოხატა სურვილი საქართველოში ოპერირების, „ეარ მალტა“ (AIR MALTA) საინტერესო მიმართულებაა“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, მუშაობა სხვა ბაზრებზეც მიმდინარეობს, რათა მეტი ავიაკომპანია შემოვიდეს საქართველოში.
ავიაკომპანია „ეარ მალტა“ (AIR MALTA) 1974 წლის აპრილიდან ოპერირებს. მისი სათაო ოფისი მალტას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საავიაციო სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს სწორად პოზიციონირებისთვის.