ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით კორონავირუსზე მასწავლებლების ტესტირება იგეგმება
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში ინფიცირების პირველადი წყარო სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება.
„ზოგადად, 12 დღეა გასული ამ ქორწილიდან, ამიტომ მონაწილეებში ნაკლებად, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორეულ-მესამეულ კონტაქტებში ინფიცირება და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კლასტერი ყალიბდება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, რომლის პირველადი წყარო სწორედ სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება.
ამიტომ, რადგან სკოლის, სასწავლო პროცესის დაწყებისთვის ემზადება ქვეყანა, რეკომენდირებულია, ყველა მასწავლებელი, ვინც ამ პერიოდში ბოლო ორი-სამი კვირა ისვენებდა ან ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში მოგზაურობდა, პირველ რიგში, აჭარაში და ასევე შეგვიძლია ავიღოთ ლეჩხუმი, აუცილებელია, დაიცვან პრევენციული ღონისძიებები, სასურველია, არ გამოცხადდნენ ორი კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე და იყვნენ თვითიზოლაციაში, პირველივე სიმპტომზე დაუკავშირდნენ „112“-ს, შემდგომ სამედიცინო პერსონალი მართავს მათ პროცესებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება იგეგმება.
„იგეგმება სამასწავლებლო კორპუსში ე.წ რანდომული, შემთხვევითი პრინციპით მასწავლებელთა ტესტირება. ამის გეგმაც მუშავდება და დაიწყება განხორციელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.