ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.
ე.წ. ოპოზიციის მომხრეები ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ. ე.წ. მოსამართლეთა გადაწყვეტილებით, ე.წ. არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში უნდა დაინიშნოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ვადა ორიდან სამ თვემდეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ორი დღეა, დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციის მომხრეებს, რომლებიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა აქვთ დაკავებული. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები პირველი ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ოპოზიციონერმა ალხას კვიცინიამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
8 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცესკო-მ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. მისი მეტოქე პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია იყო, რომელმაც ე.წ. არჩევნების შედეგები არ აღიარა და ე.წ. სასამართლოში გაასაჩივრა.
ამჟამად, ე.წ. ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც სასამართლოსთან იყვნენ შეკრებილი, იშლებიან.