ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „კორცხელის ინციდენტის“ საქმის განხილვა დაასრულა.
ე.წ. კორცხელის ინციდენტის საქმეზე ბრალდებულები ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გიორგი გოგიძეს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა, გიორგი გიგაურს 4 000, ნოშრევან წურწუმიას 5 000, კობა ტყეშელაშვილს 6 000, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 7 000 ლარის. მოსამართლე შოთა ბიჭიამ განაჩენის გამოცხადებამდე აღნიშნა, რომ სპორტსმენებს სასჯელი შეცვლილი მუხლით – სსკ-ის 125-ის პირველი ნაწილით შეეფარდათ, რაც ცემას გულისხმობს. თავდაპირველად ოთხ მათგანს ბრალი წარდგენილი ქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ვლადიმერ გეგეშიძეს კი ამავე მუხლის მესამე ნაწილით. შოთა ბიჭიას განმარტებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ამ მუხლის შესაბამისი მტკიცებულებები.
სასამართლო განხილვები თითქმის ორი წელი გაგრძელდა. ინციდენტთან დაკავშირებით დაიკითხა 102 მოწმე. საქმეში არსებული მასალები რვა ტომს შეადგენს.
„კორცხელის ინციდენტის“ საქმეზე ექვსი სპორტსმენი იყო ბრალდებული. ერთი, გიორგი ტყემალაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
2016 წლის 22 მაისს შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად, ექვსი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის, ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.