ე.წ. ელიავას ბაზრობის მესაკუთრეების ნაწილმა ტერიტორიის განვითარების ხედვა წარადგინა
ე.წ, ელიავას ბაზრობის მესაკუთრეების ნაწილმა ტერიტორიის განვითარების ხედვა წარადგინა.
შპს „სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფმა“ დღეს პრეზენტაციაზე რვა პროექტი წარმოადგინა, რომელიც მულტიფუნქციური ცენტრის აშენებას ითვალისწინებს, სადაც მოქალაქეები საკუთარ საქმიანობას უკეთესს პირობებში გააგრძელებენ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია მერიასთან არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ შეძლებენ თუ არა ისინი აღნიშნული პროექტიდან რომელიმეს განხორციელებას, მას შემდეგ გაირკვევა, რაც თბილისის საკრებულო თბილისის გენერალურ გეგმას დაამტკიცებს.
„დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორი გახლავთ შპს „სანაპიროს საინვესტიციო ჯგუფი“, რომელიც საქმიანობს ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე და ფლობს ამ ბაზრობის ტერიტორიის ნახევარს. დღევანდელი კონფერენციის მიზანია ფართო საზოგადოებას გავაცნოთ მესაკუთრეების ხედვა, როგორ წარმოგვიდგენია ამ ბაზრობის ხვალინდელი დღე. სწორედ ჩვენი ორგანიზაცია იყო მერიასთან ინტენსიური მოლაპარაკების ინიციატორი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კონკრეტული შედეგით დასრულდება. ჩვენი შეთავაზებაა თანამედროვე მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც არ დააზარალებს არც აქ დასაქმებულ მოქალაქეებს, ანუ ისინი შეინარჩუნებენ ადგილებს და გაუმჯობესდება მათი სამუშაო პირობები. ასევე მათ არ გაუძვირდებათ იჯარა“, – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეა ჩუბინიძემ.