ე.წ. ელიავას ბაზრობა შესაძლოა, გადაიტანონ ან მის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდეს
ე.წ. ელიავას ბაზრობა შესაძლოა, გადაიტანონ ან მის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდეს

ე.წ. ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის არის ბაზრობის მთლიანად გადატანა ან ადგილზე თანამედროვე ტიპის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე დღეს არსებული ვითარება კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქის მთავრობისა და ზოგადად, თბილისისთვის.

„ასეთი მდგომარეობა ქალაქის ცენტრში სასურველი არ არის. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. ერთი არის ბაზრობის მთლიანად გადატანა და დედაქალაქის მთავრობა მზად არის, შექმნას ყველანაირად მოწესრიგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მეორე მიმართულებაა, თანამედროვე ევროპული ტიპის სავაჭრო ცენტრი აშენდეს, სადაც ამ მიმართულებით ყველანაირი უსაფრთხოება და შესაბამისი ზომა იქნება დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისა და კონცეფციის შემუშავების შემდეგ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდება.

„არ მინდა განცხადებების გაკეთება წინასწარ, ეს არის კერძო საკუთრება. იცით ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით. დედაქალაქის მთავრობა ყოველთვის გამოდის ქალაქის ინტერესებიდან, მაგრამ ამავდროულად, იცავს კერძო საკუთრების უფლებას. ბაზრობის მეპატრონეებთან იყო რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხზე და გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმებების შედეგად მიიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, მან ნახა მეპატრონეების მიერ წარდგენილი პროექტის ე.წ. რენდერები, თუმცა, არ მოეწონა.