ძვირფასი ღვინოების კოლექციონერ ბანკირს თანაშემწემ 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების სასმელი მოპარა
ძვირფასი ღვინოების კოლექციონერ ბანკირს თანაშემწემ 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების სასმელი მოპარა, – ამის შესახებ BBC წერს.
მედიასაშუალების ცნობით, 40 წლის მამაკაცი 16 იანვარს ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც დე-მეიერის დანაშაულს ადასტურებს, მათ შორის საბანკო გადარიცხვების დოკუმენტები და სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.
როგორც BBC წერს, 2016 წლის ნოემბერში ფინანსური კომპანია Goldman Sachs-ის საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელმა დევიდ სოლომონმა ნიუ-იორკში, მანჰეტენში მდებარე ბინა ცენტრალურ პარკზე ხედით 21,5 მილიონ დოლარად გაყიდა.
განცხადებაში მითითებული იყო, რომ ბინაში არის ღვინის ათასი ბოთლის შესანახი განყოფილება. სოლომონი იშვიათი და ძვირფასი ღვინოების კოლექციონერია.
ძვირადღირებული სასმელის დიდ ნაწილს ის ლონგ-აილენდზე მდებარე აგარაკზე ინახავდა.
ახლადშეძენილი ღვინო მის ბინაში კურიერს მიჰქონდა, სადაც სასმელს დევიდ სოლომონის თანაშემწე ნიკოლას დე-მეიერი იბარებდა და ქალაქგარეთ აგარაკზე მიჰქონდა.დე-მეიერი სოლომონთან 2008-დან და 2016 წლის ნოემბრამდე მუშაობდა.
სოლომონმა 1,2 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის რამდენიმე ასეული ბოთლის გაუჩინარების შესახებ მანჰეტენზე მდებარე ბინიდან გადასვლისას შეიტყო. მათ შორის იყო იშვიათი ბურგუნდიული ღვინის შვიდი ბოთლი, რომელშიც სოლომონმა საერთო ჯამში 133 ათასი დოლარი გადაიხადა.
როგორც სასამართლოში დევიდ სოლომონის ცოლმა განაცხადა, 2016 წლის ნოემბერში ის მეუღლესთან ერთად დე-მეიერს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდნენ. ქალის მტკიცებით, მაშინ სოლომონის თანაშემწემ ღვინის ქურდობა აღიარა და დაპირდა, რომ ღვინის სანაცვლოდ ფულს მეორე დღეს დააბრუნებდა, თუმცა ამის ნაცვლად აშშ-დან რომში გაფრინდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ იტალიის გარდა, დე-მეიერი ბრაზილიაში, არგენტინაში, შვეიცარიაში, მაროკოში იმყოფებოდა, 2016 წელს კი ბრაზილიის 10-წლიანი ვიზა მიიღო.
ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოპარულ ღვინოს შუამავლის დახმარებით ყიდდა. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბანკირის ყოფილ თანაშემწეს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.