ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები სამკურნალო მედიკამენტ „ჰერცეპტინს“ 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ
ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები სამკურნალო მედიკამენტ „ჰერცეპტინს“ 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს.

მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა პაციენტს, რომელიც ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტ „ჰერცეპტინს“ მოიხმარს, მედიკამენტს 80%-ით სახელმწიფო დაუფინანსებს.

მისივე თქმით, პროგრამა დღემდე მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე სტადიის სიმსივნით დაავადებულებს ეხებოდა. მომავალი წლიდან პროგრამით მეოთხე სტადიის პაციენტებიც ისარგებლებენ.

ამასთან, მეოთხე სტადიის პაციენტთა ფინანსური უზრუნველყოფა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში ხდებოდა.

სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის დამატებითი შეღავათის ამოქმედება სამინისტროს მხრიდან არ იგეგმება. როგორც მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მათ დარჩენილი 20%-ის დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტებს უნდა მიმართონ.

მედიკამენტ „ჰერცეპტინის“ დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი სამი მილიონი ლარია. ის 2016 წლიდან მოქმედებს და 400 ბენეფიციარს აერთიანებს. ბიუჯეტი მომავალ წელსაც უცვლელია, თუმცა მასში მეოთხე სტადიის პაცინტების დამატება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სახელმწიფოსა და მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და კომპანიამ შეღავათიან ფასად მედიკამენტის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოში ყოველწლიურად ძუძუს კიბოს 1500-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.