ძრავის გაგრილების სისტემის ხარვეზის გამო, NASA-მ მთვარისკენ ისტორიული რაკეტის გაშვება რამდენიმე დღით გადადო — #1tvმეცნიერება
ძრავის გაგრილების სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, NASA-მ მთვარისკენ გიგანტური რაკეტის გაშვება რამდენიმე დღით გადადო.
მისია არტემის 1-ის ინჟინრებმა ოთხი ძირითადი ძრავიდან ერთ-ერთის სათანადო ტემპერატურამდე გაგრილება ვერ შეძლეს. დანარჩენმა სამმა ძრავმა ტესტირება წარმატებით გაიარა.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტო რაკეტის შემდეგ გაშვებას 2 ან 5 სექტემბერს შეეცდება; თუ გაშვება მაშინაც ვერ მოხერხდა, შემდეგი ცდა NASA-ს ოქტომბერში მოუწევს.
მისია ეკიპაჟის გარეშე იქნება, სტარტს 29 აგვისტოს, თბილისის დროით 16:33 საათზე აიღებს და წარმოადგენს ტესტს NASA-ს კოსმოსური გაშვების სისტემისა (Space Launch System) და ეკიპაჟის კაფსულა ორიონისთვის (Orion Crew Capsule).
მისია მთვარისკენ გაეშურება, გაიტანს რამდენიმე პატარა თანამგზავრს, შემდეგ კი მთვარის ორბიტაზე განთავსდება. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმებაა, იმ გარემოს გატესტვა, რომელში ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო; სააგენტოს სურს დარწმუნდეს, რომ ხომალდი და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას.
არტემის 1 პირველი მისია იქნება, რომელიც ახალი კოსმოსური გამშვები სისტემიდან (Space Launch System) გაეშვება. ის ყველაზე მძლავრი რაკეტა იქნება, რაც კი ოდესმე გაშვებულა კოსმოსში, უფრო ძლიერი, ვიდრე აპოლოს „სატურნ V“ სისტემა, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე 1960-1970-იან წლებში მიჰყავდა.
ის რაკეტების ახალ სისტემას ეკუთვნის, რადგან აქვს როგორც თხევადი ჟანგბადისა და წყალბადის ძირითადი ძრავები, ისე ორი მყარი გამაძლიერებელი, რომლებიც მან კოსმოსური შატლისგან მიიღო. იდეაში, ის კოსმოსური შატლისა და აპოლოს მისიების რაკეტა „სატურნ V“-ის ჰიბრიდია.
ტესტირება ძლიერ მნიშვნელოვანია, რადგან Orion Crew Capsule ნამდვილად სათანადოდ შემოწმდება. ის მთვარის კოსმოსურ გარემოში, მაღალი რადიაციის პირობებში, ერთი თვის განმავლობაში დარჩება.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიტესტება სიცხის ფარიც, რომელიც კაფსულას და მის მგზავრებს დაიცავს, როდესაც ის დედამიწაზე 40 233 კმ/სთ სიჩქარით დაბრუნდება. ის ატმოსფეროში ყველაზე სწრაფად შემოსული კაფსულა იქნება აპოლოს შემდეგ; შესაბამისად, ძლიერ მნიშვნელოვანია, რომ სიცხის ფარმა სათანადოდ იფუნქციონიროს.
მისია თან წაიღებს პატარა თანამგზავრთა ნაკრებსაც, რომლებსაც მთვარის ორბიტაზე განათავსებს.
ისინი წინასწარ სამეცნიერო საქმიანობას განახორციელებენ; მათ შორის, ჩაიხედავენ მუდმივად დაჩრდილულ კრატერებშიც, სადაც მეცნიერთა აზრით, წყალი უნდა იყოს. უფრო ზუსტად გაზომავენ რადიაციულ გარემოს, დაადგენენ, რა ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე ხანგრძლივ რადიაციულ ზემოქმედებას.
2024 წელს NASA გაუშვებს არტემის 2-ს, ამ პროექტის პირველ ეკიპაჟიან მისიას; გაშვებისას სააგენტო გამოიყენებს Space Launch System-ის რაკეტის კიდევ უფრო მძლავრ ვერსიას. ისიც ორბიტული მისია იქნება, დაახლოებით „აპოლო 8“-ის მსგავსი, რომელმაც მთვარეს წრე დაარტყა და დედამიწაზე დაბრუნდა. ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე ამჯერად უფრო მეტ დროს გაატარებენ და გატესტავენ თითქმის ყველაფერს.
2025 წლისთვის დაგეგმილია არტემის 3, რომელიც მთვარის ზედაპირზე ასტრონავტებს ჩაიყვანს. ეკიპაჟის წევრებს შორის იქნება სულ მცირე ერთი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი. კაფსულა „ორიონი“ ორბიტაზე დარჩება, მასში მყოფი ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდი Starship-ში გადასხდებიან და მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან.
2027 წელს, მისია არტემის 4 ასტრონავტებს მთვარის მინისადგურზე წაიყვანს, რომელსაც Gateway (ჭიშკარი) ერქმევა.
პროგრამა არტემისს რამდენიმე სხვადასხვა მიზანი აქვს. მათ შორის არის რესურსების ადგილზე გამოყენება, მაგალითად, წყლის ყინულის და მთვარის ქანების, რომლებისგანაც უნდა აწარმოონ საკვები, საწვავი და სამშენებლო მასალები.