ძმარი დეპრესიის სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ძმარი დეპრესიის სიმპტომებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად ძმრის მიღებამ შეიძლება დეპრესიის სიმპტომები გააუმჯობესოს. აღმოჩენამ შეიძლება გზა გაუხსნას ახალ, ეფექტიან სამკურნალო საშუალებებს.

არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯგუფმა არა მხოლოდ ძმრის ყოველდღიური მოქმედების ეფექტები შეამოწმა, არამედ შეისწავლა მეტაბოლური აქტივობაც — ქიმიური პროცესები, რომლებიც საკვებს ენერგიად და სხვა ბიოლოგიურ მასალებად გარდაქმნის. მკვლევრებს იმ სარგებლის მიზეზების დადგენა აინტერესებდათ, რაც ძმრის შემთხვევაში ნახეს.

კვლევის მონაწილეებში, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ თხევად ძმარს, შეინიშნა ნიკოტინამიდის (ვიტამინ B3-ის ფორმა) დონის მნიშვნელოვანი ზრდა. წინა კვლევებით, ეს საკვები ნივთიერება ანთების საწინააღმდეგო ეფექტებთანაც დააკავშირეს.

„ეს მონაცემები დამატებით მხარდაჭერას გვთავაზობს იმის შესახებ, რომ ოთხი კვირის განმავლობაში ძმრის ყოველდღიურად მიღება აუმჯობესებს დეპრესიის თვითმოხსენებად სიმპტომებს სხვა მხრივ ჯანმრთელ ზრდასრულებში; ამას გარდა, ამ გაუმჯობესების მიზეზი შეიძლება იყოს ცვლილებები ვიტამინ B3-ის მეტაბოლიზმში“, — წერენ კვლევაში არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიეტოლოგი ჰალეი ბარონგი და მისი კოლეგები.

კვლევა ჩატარდა 28 ჭარბწონიან, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანზე, რომლებიც ორ ჯგუფად დაყვეს: ერთი ჯგუფი დღეში ორჯერ სვამდა ორ სუფრის კოვზ წითელი ღვინის ძმარს, მეორე ჯგუფი კი იღებდა დღეში ერთ ტაბლეტს, რომელიც ძალია ცოტა ძმარს შეიცავდა.

ოთხკვირიანი ექსპერიმენტის განმავლობაში, მონაწილეები სტანდარტული მენტალური ჯანმრთელობის გამოკითხვის ორ სტანდარტულ კითხვარს პასუხობდნენ: Center for Epidemiologic Studies Depression სკალის (CES-D) კითხვარს და Patient Health Questionnaire-ს (PHQ-9).

მიუხედავად იმისა, რომ CES-D-სა და PH9-Q-ის კითხვარის ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ გამოიკვეთა, ძმრის მომხმარებელ ჯგუფში დეპრესიული სიმპტომები 42 პროცენტით შემცირდა, საკონტროლო ჯგუფში კი, რომელიც აბებს იღებდა, 18 პროცენტით.

თუმცა, კვლევას თან ახლდა გარკვეული შეზღუდვებიც: ნიმუშის ზომა პატარა იყო, პაციენტებს თავიდანვე დეპრესიის დაბალი დონე ჰქონდათ და მეორეულ ანალიზში, რომელშიც საბაზისო მოხსენების ქულები დააკორექტირეს, PHQ-9 სიმპტომების გაუმჯობესება მნიშვნელოვანი არ იყო. მაგრამ ბარონგის და მისი ჯგუფის აღნიშნავს, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები დეტალურად შესასწავლად ნამდვილად ღირს.

„დეპრესიული აშლილობები მენტალური ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია მთელ მსოფლიოში. ფართოდ გამოყენებული ანტიდეპრესანტებით მკურნალობას შეიძლება თან ახლდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები და თანაც, მათი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად სხვადასხვანაირია. ამიტომ, საჭიროა მარტივი, ეფექტიანი, დამატებითი თერაპიები.

კვლევები გრძელდება, რათა უკეთესად დადგინდეს, რა არის დეპრესია და გამოვლინდეს ყველა ის ფაქტორი, რომელსაც მასში შეიძლება შეჰქონდეს წვლილი — ძილის ხარისხიდან დაწყებული, სხეულის ტემპერატურით დამთავრებული.

აშკარა კი ისაა, რომ დეპრესია დიდად განსხვავდება ადამიანებს შორის და სწორედ ამიტომ შეიძლება იყოს ძლიერ გამოსადეგი ფართო სპექტრის სამკურნალო საშუალებები.

„ამ მიმართულებით კვლევას აუცილებლად გავაგრძელებთ. მექანიზმებზე ფოკუსირება და პაციენტთა დიდი ნიმუში უფრო მეტ მტკიცებულებას მოგვცემს ამ ყველაფერში ძმრის როლის შესახებ“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Nutrients-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.