ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა

თბილისის მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დაზარალდა.

„ამ დროისთვის, ძირითადად, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევისა და სახურავების გადახდის ფაქტები. ამასთან, ადგილი ჰქონდა მშენებარე კორპუსიდან ფანჯრის ჩამოვარდნის შემთხვევას და ერთ მისამართზე ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის კედელი. ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ათივე რაიონში, გამგეობების თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ასევე, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ტერიტორიას ჩახერგილი ხეებისგან წმენდენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

უწყების ცნობით, დედაქალაქის გამგეობები მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება აღმოუჩინონ.

ამავე ინფორმაციით, ძლიერის ქარის გამო, აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს სახელმწიფო დროშაც დაზიანდა, თუმცა პრობლემა დროულად აღმოიფხვრა.