ძლიერმა ქარმა და სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადიდებულმა ხევმა გაარღვია კალაპოტი და სოფელ ძირკოკსა და ჭანდარში საავტომობილო გზაზე გადავიდა, რის შედეგადაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია.

დაიტბორა ასევე ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ქუჩა და ლაგოდეხის მიმართულებით გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. სეტყვის შედეგად ვენახები და ხეხილის ბაღები განადგურდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლერი გელენავას თქმით, სტიქიის ადგილზე უკვე მიემართებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.