ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო დუბაის აეროპორტის მუშაობა, მესამე დღეა, შეფერხებულია
ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო დუბაის აეროპორტის მუშაობა, მესამე დღეა, შეფერხებულია. ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტმა დაიწყო რეისების ნაწილის მიღება, თუმცა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციონირება დიდწილად შეჩერებულია.
ოთხშაბათს გაუქმდა 300-მდე რეისი, ასობით კი გადაიდო. აეროპორტში უამრავი მგზავრი გამგზავრებას ელოდება. აეროპორტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პერსონალს სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რადგან აეროპორტამდე მიმავალი გზები წყალდიდობის გამო ბლოკირებულია.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში რეკორდულად ძლიერი წვიმაა. ქვეყანაში დაიტბორა გზები და საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გარდა, წყალდიდობამ პრობლემები შექმნა მეზობელ ქვეყნებშიც.
წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ომანში 20 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი დაღუპულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
ომანში 1 400-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს, დაიხურა სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები.