ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა
თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად, 01:00 საათის მონაცემებით, შემოსულია 153 შეტყობინება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესული შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა.
ყველაზე მეტი დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. შეტყობინებები შესულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან.
„ამ წუთებში, მთელი ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური.
ბოლო ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა.
მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს.
ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია.
მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს იმ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.