ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა
ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა

თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად, 01:00 საათის მონაცემებით, შემოსულია 153 შეტყობინება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ​შესული შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა.

ყველაზე მეტი დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. ​შეტყობინებები შესულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან.

„​ამ წუთებში, მთელი ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური.

​ბოლო ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა.

მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს.

​ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია.​

მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს იმ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ​დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.