16:00-დან 21:00 საათის ჩათვლით არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში დაზიანდა 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარე განათების ბოძი, 43 ელექტროსადენი, 6 ავტომანქანა, გაზის ცენტრალური 5 მილი, 6 სარეკლამო ბანერი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შიდა ქართლში დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლის სახურავი, აჭარაში – ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი, იმერეთში, სამტრედიის სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი, სამეგრელო-ზემო/სვანეთში, მესტიის სოფელ ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ჩაიხერგა გზა. მარტვილში ადიდდა მდინარე ტეხურა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. მცხეთა-მთიანეთში, მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დატბორილია მიმდებარე ტერიტორია, დაზიანებულია ერთი საცხოვრებელი სახლი.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.