ძიუდოში თბილისის გრან-პრის გათამაშებაზე ვაჟებში გამარჯვებულები ხვალ 73 და 81 წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან
ძიუდოში თბილისის გრან-პრის გათამაშებაზე ხვალ ვაჟებში გამარჯვებულები 73 და 81 წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.
73 კგ-ში ოთხივე ქართველი მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში. ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი სომეხ არსენ გაზარიანს შეხვდება, მერვედფინალში გასვლისას კი იტალიელი ჯოვანი ესპოზიტოსა და ბრაზილიელი ჯეფერსონ სანტოს ჟუნიორის დუეტიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება.
ომარ ნიაზაშვილს პირველ მეტოქედ ბელგიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი დირკ ვან ტიხელტი ერგო.
ფრიდონ გიგანი პირველ პაექრობას ლიტველ რეგიმანტას რუბინასთან გამართავს, მოგებული კი უზბეკ გიოსჯონ ბობოევსა და ყაზახ ალბერტ განიევს შორის წარმატებულის მეტოქეა.
ზვიად კაპანაძეს საკმაოდ რთული მეტოქე ჰყავს – სომეხი ფერდინანდ კარაპეტიანი. მოგების შემთხვევაში, კაპანაძეს რუს სერგეი შმახოვსა და ესტონელ ოსკარ პერტეკლსონს შორის უძლიერესი შეხვდება.
81 კგ.
ნუგზარ ტატალაშვილს არასასურველი მეტოქე ერგო – ფრანგი ალფა უმარ ჯალო.
ზებედა რეხვიაშვილი ამ წონაში ქართველთაგან ერთადერთია, ვინც პირველ წრეში ისვენებს. მეორეში ლიტველ არტურას მაიბოროდასთან ან ყაზახ კაზიმუკან ოტულიევთან მოუწევს პაექრობა.
თამაზ კირაკოზაშვილი სტარტს აზერბაიჯანელ ჯოშგუნ აბდულაევთან შეხვედრით დაიწყებს. კობა მჭედლიშვილი სომეხ ვართან ხაჩატრიანს ხვდება. ამავე ჯგუფშია პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე.
გოგონებში კი ქართველთაგან 63 კგ-ში მზია ბებოშვილს პირველ წრეში კონკურენტად პოლონელი აგატა ზაჩეჟა ერგო, საუკეთესოს კი მეორეში ბრიტანელი ლუბიანა პოვესანა შეხვდება.
70 კგ.
მარიამ ჭანტურია თავიდანვე ჰოლანდიელ ეველინ ბერნდსენს გაეჯიბრება, მოგების შემთხვევაში კი ბრიტანელ კატიჯემიმა იეცბარუნს. ამავე ჯგუფში, ბერძენი ელიზავეტა ტელციდოუ და კანადელი კელიტა ზუპანჩიჩიც არიან.
ელისო სისაური გერმანელ ჟაუნდრა დიდრიხთან მოხვდა ჯგუფში, თუმცა მანამდე ყაზახი დინარა კუდაროვა და ჰოლანდიელი ნატაშა აუსმა ჰყავს დასამარცხებელი.