რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ბრაზილიელი რაფაელა სილვა ეჭვმიტანილია ანტისადოპინგო წესების დარღვევაში, – წერს ბრაზილიური გამოცემა „გლობო ესპორტე“ (Globo Esporte). დადებითი დოპინგ-ტესტი სილვამ ცხრა აგვისტოს ჩააბარა ლიმაში, პანამერიკულ თამაშებზე, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა.
27 წლის სპორტსმენის სინჯში აღმოჩენილია აკრძალული პრეპარატი ფენოტეროლი. სპეციალურ პრესკონფერენციაზე სილვამ განაცხადა, რომ აკრძალული პრეპარატი მის ორგანიზმში შემთხვევით მოხვდა.
პანამერიკული თამაშების შემდეგ, სილვამ მონაწილეობა მიიღო ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის, აგრეთვე, მსოფლიოს ჩემპიონი (2013) და ორგზის ვერცხლის მედალოსანია (2011, 2013).