ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ
ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

ძიუდოისტების ინფორმაციით, აქციები ფართომასშტაბიანი იქნება და პერმანენტულ სახეს მიიღებს. მათივე თქმით, მოქმედი პრეზიდენტის გადადგომამდე მოჭიდავეები ვარჯიშსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას წყვეტენ.

როგორც ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ამბობს, ფედერაციაში ერთპიროვნული მმართველობა და არაჯანსაღი სიტუაციაა.

„მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უცვლელია. უნდა გადადგეს ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი. ის ერთპიროვნული მმართველია, მარტო თავის თავზე ირგებს ფედერაციას. ვითხოვთ, გათავისუფლდეს ფედერაცია ამ ყველაფრისგან და ბიჭებსაც მიეცეთ ნორმალური ვარჯიშისა და მომზადების საშუალება რის საშუალებაც აქამდე არ გვეძლეოდა“,- განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მოთხოვნებს ახალგაზრდული ნაკრებიც შეურთდა, თუმცა ისინი საპროტესტო აქციაზე დასწრებას ვერ შეძლებენ. ძიუდოს ნაკრების წევრების თხოვნით ისინი ვარჯიშს არ წყვეტენ და დღეს წვრთნებზე მიდიან.

ვარლამ ლიპარტელიანის შეფასებით, ფედერაციის ხელმძღვანელობას ახალგაზრდა მოჭიდავეები, საქართველოს ჩემპიონატის დასრულებიდან მეორე დღეს, წვრთნებზე მიზანმიმართულად მიჰყავს.

აქცია ძიუდოს ფედერაციის შენობასთან 12:00 საათზეა დაგეგმილი.

ძიუდოისტებმა ქევხიშვილის გადადგომა 4 მაისს მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქცია ვაკის პარკში გამართეს. ამასთან, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიასთან აქცია გამართეს დავით ქევხიშვილის მხარდამჭერებმაც.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ამასთან, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და მათთან დაპირისპირებულ სპორტსმენებს აუცილებლად შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.