ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.
შსს-ს ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ორი პირი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს.
პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა.
ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი – 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებულია “ტე-ტე”-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიყვანილ იქნა 1983 წელს დაბადებული ი.წ., რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, 31 მაისს ღამით სპორტსმენებს, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს.
დაკავებულებს შორის არის ლომერ ჟორჟოლიანი, რომელსაც ფედერაციაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. ჟორჟოლიანი ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია.
გავრცელებული ინფორმაციით ძიუდოისტი იოსებ წელაური ბარძაყის არეშია დაჭრილი და კონფლიქტში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.