ძიუდო - მხოლოდ ერთი ვერცხლი ევროპის ღია პირველობიდან
ძიუდო - მხოლოდ ერთი ვერცხლი ევროპის ღია პირველობიდან

პრაღაში დასრულებული მამაკაცთა ევროპის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული შემადგენლობით მონაწილეობდა, თორნიკე ნაგლიაშვილის მიერ გუშინ აღებული ერთადერთი მედლით დავასრულეთ.

დღეს ასპარეზობაში კიდევ 5 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო, თუმცა ფინალურ ბლოკში მოხვედრა ვერც ერთმა ვერ მოახერხა. -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა, პირველ წრეში, ჩეხ მიკულას მესკოს ორწუთნახევარში ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი დააპინოა. თუმცა მომდევნო ეტაპზე, უზბეკ -შაროფიდინ ბოლტაბოევთან 21 წამში დამარცხდა. ამავე წონაში პირველივე შეხვედრა წააგო ტრისტან მოსახლიშვილმა. 3 წუთსა და 21 წამში მან, უნგრელ – გიულა პალთან წააგო.

ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი საქართველო – 90 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც. იმედა გოგოლაძემ ფრანგი და უკრაინელი ძიუდოისტები დაამარცხა და მერვედფინალამდე მივიდა, სადაც პლონელ – რაფაელ კოზლოვსკისთან წააგო და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, იგი საწყის ეტაპზე, ავსტრიელ – იოჰანეს პაჩერთან ვაზარით იგებდა, მაგრამ ორთაბრძოლის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე იპონით დამარცხდა.

რაც შეეხება მძიმე წონას, აქ საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყოლია.