ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ძიუდოში ევროპის ღია ჩემპიონატი დასრულდა. გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ, საქართველოს ნაკრების იმ წევრებმა, რომლებმაც დღეს იასპარეზეს, სიტუაცია რადიკალურად შეცვალეს. ტურნირის დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს და თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ტურნირი მძიმეწონოსანთა ქართული ფინალით დასრულდა. ონისე ბუღაძისა და გიორგი ქავთარაძის ორთაბრძოლა საბოლოოდ უფრო გამოცდილმა ბუღაძემ არასრულ სამ წუთში მოიგო და წინასწარ გამზადებული საქართველოს ჰიმნი კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან მოისმინა. ამავე წონაში მოასპარეზე კიდევ ორი ქართველი – გიორგი ზაქარიაძე და გუგა კიბორძალიძე მედლებისთვის ბრძოლას დილის სესიიდან გამოეთიშნენ.
კიდევ ერთი ქართული დაპირისპირება -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოღონდ ამჯერად ნახევარფინალში შედგა. ონისე სანებლიძისა და დავით ოზბეთელაშვილის გზები კენჭისყრამ სწორედ ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში გადაკვეთა. ორთაბრძოლა სანებლიძის ვადამდელი გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ონისეს გამარჯვებების მოსაპოვებლად საფინალო სირენამდე ნახევარფინალამდე გამართულ სამ შეხვედრაშიც არ დაუცდია და ასევე გააგრძელა ფინალშიც. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, სანებლიძემ გერმანელ – დანიელ ჰერბსთან მორიგი წმინდა გამარჯვების მოსაპოვებლად სამწუთნახევარი იკმარა და ჩემპიონობაც მოიპოვა. რაც შეეხება ოზბეთელაშვილს, მან მომავალ ჩემპიონთან მარცხის შემდეგ, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, აფრიკის ჩემპიონატის მოქმედ პრიზიორ, კოტ დ’იუვარელ – კოფი კრემე კობენას საქმე ორ წუთში მოუმთავრა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამავე წონაში მოასპარეზე იასონ ნემსაძე, ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
-90 კილოგრამში ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ საბოლოოდ, მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა გიორგი პაპუნაშვილი. თორნიკე ჯუღელმა და ნოდარ ბერიანმა კი, მედლებისთვის ბრძოლა დილის სესიაშივე დაასრულეს.
რაც შეეხება -81 კილოგრამ წონით კატეგორიას, აქ ერთადერთი ქართველი – გიგა გიგაური ჭიდაობდა და ნახევარფინალშიც გავიდა. ამის შემდეგ კი, ზედიზედ ორი შეხვედრა დათმო და საბოლოოდ, მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.
ავსტრიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე სულ 20-მა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა.