ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ძიუდოში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე 20 ქართველი ძიუდოსტია დარეგისტრირებული, რომელთაგანაც დღეს ცხრამ იასპარეზეა. ფინალური ბლოკის წინ კი მათგან მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ ომარ ნიაზაშვილმა შეინარჩუნა.
ტრადიციულად შეჯიბრის პირველი დღე -60; -66 და – 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოასპარეზე სპორტსმენებს დაეთმოთ. -60 კილოგრამში მედლებისთვის ბრძოლა სამმა ქართველმა დაიწყო და ორი მათგანი პირველივე შეხვედრის შემდეგ გამოეთიშა.
რაც შეეხება ამირან დარბაისელს, მან პირველ წრეში დაისვენა, მეორეში სომეხ ნარეკ კარაპეტიანს იპონით სძლია, შემდეგ კი მაროკოელ – ისამ ბასოუსთან 18 წამში დამარცხდა.
წუთსა და ათ წამში დაასრულა თავისი გამოსვლა ლაშა ჩადუნელმა. პირველ წრეში მანაც დაისვენა, მეორეში კი უზბეკ დონიორ სულთანბაევთან წააგო.
ასევე მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზობაში თემურ ნოზაძე, სადაც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართული წარმოშობის ფრანგი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
წარუმატებელი გამოდგა ქართველთა გამოსვლა -66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც. გიორგი ქალდანი შეჯიბრს პირველივე წრიდან გამოეთიშა. ნიკო ჭიკაიძე, ზვიად ხუბულური და ლაშა გიუნაშვილი მესამე წრემდე მივიდნენ, ეს ეტაპი კი სამივე მათგანისთვის გადაულახავი აღმოჩნდა.
რაც შეეხება 73 კილოგრამ წონით კატეგორიას, ერთადერთი მედლის შანსი პირველ დღეს საქართველოს სწორედ აქ აქვს. ომარ ნიაზაშვილი ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც აზერბაიჯანელ -ტელმან ვალიევთან დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნიაზაშვილი იტალიელ აუგუსტო მელონის დაუპირისპირდება.
ევროპის ღია პირველობა გარნად სლემებისა და გრან პრიების შემდეგ, ძიუდოს კალენდარში რანგით მესამე ტურნირია. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მიიღება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები და ოლიმპიური თამაშები. ამ ტურნირზე, როგორც წესი, შანსი იმ სპორტსმენებს ეძლევათ, რომლებსაც ნაკრებში თავის დამკვიდრება უნდათ, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა მსგავს შეჯიბრებებზე სხვადასხვა მიზნით ოლიმპიურ ჩემპიონებსაც უასპარეზიათ.
ხვალ ობერვარტში ტატამზე დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გავლენ. საქართველოს სახელით მედლების მოპოვებას -81; -90; -100 და +100 კილოგრამებში 11 ძიუდოისტი ეცდება.