ძიუდო | დემეტრაშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია, ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი – გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ.) ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი მათგანი აგრძელებს.
დემეტრაშვილმა მერვედფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს იპონით სძლია და მეოთხედფინალში კორეელ კიმს შეხვდება. ინანეიშვილი კი ნახევარფინალში გასასვლელად წონის პირველ ნომერთან, უზბეკ იუსუპოვთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.