ძალოსნობა 2024 წლის ოლიმპიურ პროგრამაში სრულფასოვან სახეობად აღადგინეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ძალოსნობას 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამაში სტატუსი აღუდგინა. ადრე, მრავალრიცხოვანი დოპინგ-სკანდალების გამო, დღის წესრიგში იდგა სპორტის ამ სახეობის თამაშების პროგრამიდან საერთოდ ამოღება. დოპინგ-ისტორიების მიზეზით კი შეზღუდულია ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლობა 2020 წლის ოლიმპიადაზე. მაგალითად, რუსეთის ნაკრებს ტოკიოს თამაშებზე მხოლოდ ორი საგზური ერგება.
„როგორც კი ყველა საკითხი შეთანხმებული იქნება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილება ავტომატურად შესრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალოსნობა სრულფასოვნად იქნება შესული პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამაში და გაუქმდება დროებითი წევრობის სტატუსი. ჩატარდება არა მხოლოდ მიმდინარე სიტუაციის, არამედ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პროგრამებისა და ვალდებულებების რეალიზაციის დაწვრილებითი მონიტორინგი“, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა კიტ მაკონელმა.
ძალოსნობა 1896 წელს, თანამედროვე ოლიმპიადის პირველ თამაშებზე იყო წარმოდგენილი და იქიდან მოყოლებული, ყველა ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა, გარდა 1900, 1908 და 1912 წლებისა.