გიორგი ათაბეგაშვილი - ტოკიოში გამგზავრებამდე დაისვა შეკითხვა, შეძლებდა კი ლაშა გუჯეჯიანი ოლიმპიადაზე შედეგის დაფიქსირებას? [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები 5-დან 7 ნოემბრის ჩათვლით ბაქოს გრანდ-სლემზე იჭიდავებენ. პარალელურად, 5 ნოემბრიდან ბუდაპეშტი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ძიუდოისტთა წარმატებული გამოსვლის და სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა საქართველოს რადიოს სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

 

ტოკიო 2020

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა ძალიან წარმატებული იყო. ერთი სიტყვით მართლაც ძნელია შეაფასო ის შედეგი რაც ტოკიოს ტატამზე დაფიქსირდა, თუმცა ამაყად ვიტყვი, რომ ეს იყო ქართული ძიუდოს ტრიუმფი. ვაჟთა შორის ექვსი ქართველი ფინალში მიუხედავად იმისა, რომ სამი მარცხი დაფიქსირდა იყო სენსაციური შედეგი. როდესაც ოლიმპიადისთვის მზადების ციკლი დავიწყეთ, იყო ბევრი გამოწვევა, რაც წარმატებით დავძლიეთ. ეს ოლიმპიადაზეც გამოჩნდა, რადგან ყველა წონით კატეგორიაში მაქსიმუმისთვის ვიბრძოდით.

არსებობს ორი უკიდურესობა როდესაც დიდი გამარჯვების შემდეგ ნაკლოვანებებზე საუბრობ და მეორე – როდესაც წარუმატებლობის მიზეზების ძიებაში ხარ. ჩვენს შემთხვევაში კი მხოლოდ და მხოლოდ საქებარი სიტყვები შეიძლება ითქვას რადგან ოლიმპიადა ის უდიდესი ფორუმია სადაც მოხვედრა უკვე გამარჯვებაა. როდესაც იქ კიდევ უფრო დიდ შედეგზე გადიხარ, თუნდაც წაგებული ფინალის შემდეგ, სულ სხვაგვარად გაფასებენ, თანაც როდესაც ეს ხდება იაპონიაში სადაც ძიუდო დაიბადა.

გუნდს, რომელსაც 2021 წლის დასაწყისიდან ყველგან ერთ-ერთ ფავორიტად ასახელებდნენ და მინიმუმ 4-5 მედლით ბრუნდებოდა საქართველოში, რა თქმა უნდა შეეძლო, არა ერთი, არამედ ორი ან სამი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყოლოდა. თუნდაც ოლიმპიადამდე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს თუ გავიხსენებთ, სადაც ასევე რეკორდული რაოდენობის ოთხი მედალი მოვიპოვეთ. მაგრამ ეს ძიუდოა და ისიც გავითვალისწინოთ, რომ არა გურამ თუშიშვილის მიერ წაგებული ფინალი, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსა და იაპონიას ექნებოდათ ოქროს მედლები.

ეს წარმატება ტიტანური შრომის შედეგია და მადლობა ყველას, ვინც ქმნიდა ამ ისტორიას. დაისვა შეკითხვა: შეძლებდა კი ლაშა გუჯეჯიანი საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან ერთად ოლიმპიადაზე შედეგის დაფიქსირებას… გულწრფელად მიხარია, რომ დღეს პასუხი არის მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების რეკორდული მაჩვენებელი.

 

ლაშა შავდათუაშვილი

ლაშა შავდათუაშვილი არის ადამიანი და სპორტსმენი რომლის სახელი და გვარი ნებისმიერი ტიპის სასწავლო სახელმძღვანელოში შეიძლება შეიტანო, რადგან სწორედ ლაშას მაგალითით მომავალ თაობას უნდა აჩვენო, როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას.

ლაშამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ შეკრა სამეული – ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები, შემდეგ კი ოლიმპიური ვერცხლის მოგებით მან უკვე ოლიმპიური მედლების სამეულიც შეავსო და იმედია პარიზში კიდევ ერთ მედალს მოიგებს. ოღონდ, ისეთს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე რომ ვიზეიმეთ.

გუნდში იყოს ლაშა შავდათუაშვილი, ეს დიდი ფუფუნებაა, რადგან ნებისმიერი ასაკის ნაკრების წევრისთვის მისი თავდადება არის სამაგალითო. აქ არ არსებობს არც დასვენების დღეები და არც ცდუნებები, მისთვის მთავარია ვარჯიში და დღეს ის ტოკიოში დაფიქსირებული შედეგით მოხვდა მსოფლიო ძიუდოს ისტორიის იმ ხუთეულში ვისაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული.

 

ლაშა ბექაური

ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ლაღი, განსხვავებული და თავისებურად ქარიზმატული ბიჭია. მისი გზა ოლიმპიურ ჩემპიონობამდე ნამდვილად არ იყო ადვილი. ჯერ საქართველოს ნაკრებში დაძლია კონკურენცია, შემდეგ ოლიმპიადამდე მიღებული ტრავმა, რომელიც მისთვის დამატებით მოტივაციად და დამატებით ისტორიად იქცა. მას ჯერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ ყველასთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი ადგილი სწორედ მწვერვალზე იყო. საამაყოა, რომ ეს ბიჭი ასე ქარიზმატულად შემოვიდა ქართულ ძიუდოში და იმედია, სულ მალე ის მსოფლიო ჩემპიონატსაც მოიგებს და ლაშა შავდათუაშვილის მსგავსად მისი მედლების სამეულიც შეიკვრება.

პირობა რომელიც დადო, რომ ოთხჯერ უნდა მოიგოს ოლიმპიური თამაშები იმედი მაქვს, მხოლოდ სიტყვები არ იქნება.

 

ვაჟა მარგველაშვილი და გურამ თუშიშვილი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვაჟა მარგველაშვილისთვის და გურამ თუშიშვილისთვის ვერცხლის მედლები მაქსიმუმი ნამდვილად არ იყო, რადგან მათ უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ. ცდა ნამდვილად არ დაუკლიათ, აქ შეიძლება იყოს უიღბლობაზე საუბარი და იმ საბედისწერო შეცდომებზეც, რომლის გამოც ოქროს მედლები დავკარგეთ. ორივე მათგანს ასაკიდან გამომდინარე წინ აქვს ყველაფერი.

 

ეთერ ლიპარტელიანი

ჩვენი მწვრთნელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არის ქართული სკოლის აღზრდილი. მწვრთნელების ძალისხმევით მან ჯერ ოლიმპიადაზე გამგზავრების უფლება მოიპოვა და ტოკიოში კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, რომ ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიის პირველი ოლიმპიური მედალი მოგვეგო. მეხუთე ადგილი ნამდვილად არ არის ის შედეგი, რაც წარუმატებლად უნდა შეფასდეს თუნდაც ის ფაქტი, რომ ეთერ ლიპარტელიანი დღეს მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ძიუდოისტია, ბევრისმთქმელია. დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ეთოს ნიჭის და შესაძლებლობების სინთეზის ფონზე დიდი გამარჯვება გვექნება.

2021 წლის ბოლომდე დარჩენილია გრანდ სლემის ორი გათამაშება, მათგან პირველს 5-დან 7 ნოემბრის ჩათვლით ბაქო უმასპინძლებს – მეორე კი უკვე თვის ბოლოს აბუ-დაბიში ჩატარდება. ასევე ნოემბრის ბოლოს გაიმართება ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატი და ეს იქნება ჩვენთვის მთავარი გამოწვევა, რადგან ტოკიოს გუნდურ ოლიმპიურ პირველობაზე ვერ გამოვედით, რადგან ქალთა შორის ერთი ლიცენზია დაგვაკლდა. დღეს ფედერაციისთვის გუნდურ შეჯიბრებაზე ჭიდაობა უმთავრეს პრიორიტეტად იქცა და ეს გვაძლევს იმ მოტივაციას, რომ ძიუდოში გოგონათა ჩართულობის მიზნით მუშაობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. 2021 წლის კალენდარში ასევე გვაქვს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი რომელიც ბუდაპეშტში 5 ნოემბრიდან დაიწყება.

 

ქალთა ძიუდო

საქართველოში ქალთა ძიუდოს განვითარება რჩება ჩვენს მთავარ გამოწვევად. რამდენიმე წლის წინათ შევადგინეთ პროგრამა 20/20 და დღეს უკვე თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად მართებული იყო ეს პროექტი.

ვფიქრობთ, მსგავსი ტიპის პროგრამა ქალთა ძიუდოს განვითარებისთვისაც გავაკეთოთ. ამ მიმართულების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოს ჩემპიონატი იქნება რომელიც 19-დან 21 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება. პირველი ორი დღის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატზე ვაჟები იჭიდავებენ, ბოლო დღეს კი ტატამზე გოგონები გამოვლენ.

გვაქვს რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან კონტაქტი და შეგვიძლია, რომელიმე წონით კატეგორიაში წარმომადგენელი დავიმატოთ, მაგრამ დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ არა ნატურალიზებული, არამედ საქართველოში აღზრდილი სპორტსმენები იყვნენ გუნდში. ამ პრინციპით, შეიძლება, ერთი ოლიმპიადა ჩავარდეს მაგრამ მწამს, რომ უკვე 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გვეყოლება ძალიან წარმატებული გოგონების გუნდი.

რეგიონები და ძიუდოს განვითარების ეტაპები

ოლიმპიური თამაშების შემდეგ რეგიონებში ძიუდოს ბუმია. ამ მიმართულებით ფედერაციის განვითარების ერთ-ერთი მთავარი გეგმა არის პროექტი 20/28 რაც გულისხმობს უახლოეს პერიოდში ინსტუქტორების გადამზადებას. აქ საუბარია საბაზისო მიდგომებზე რომლებიც არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში.

როდესაც გუნდური შეჯიბრება შერეული პრინციპით (კაცები+ქალები) დაამტკიცეს, შეგვექმნა პრობლემა… მანამდე ევროპის გუნდური ჩემპიონატის 9-გზის და მსოფლიო პირველობის 3-გზის გამარჯვებულები ვიყავით. 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ასევე ჩატარდება გუნდური შეჯიბრი. იქ ეთერ ლიპარტელიანის გარდა გვეყოლება მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი, რომლებსაც მიეცემათ საშუალება ჯერ ლიცენზია მოიპოვონ და შემდგომ უკვე დიდ გამარჯვებამდე მივიდნენ.

საერთაშორისო ფედერაციასთან ჩვენი თანამშრომლობა იმდენად წარმატებულია, რომ თუნდაც პანდემიური ფონის სანაცვლოდ თბილისი იმ ხუთ ქალაქს შორის მოხვდა სადაც საერთაშორისო ფედერაციამ გრანდ სლემის გათამაშება ჩაატარა და უკვე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის სანაცვლოდ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე საქართველო გრანდ სლემის გათამაშებების მასპინძელი იქნება. საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა მოგვცეს შანსი, თბილისი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვისაც მოემზადოს. ეს წინადადება იმის გარანტია, რომ საქართველომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მესვეურთა სრული ნდობა დაიმსახურა.