სეოკ-ის აღმასკომის სხდომა - ტოკიო 2020 დადებითად შეფასდა, წინ ზამთრის ოლიმპიადაა #1TVSPORT
სეოკ-ის აღმასკომის სხდომა - ტოკიო 2020 დადებითად შეფასდა, წინ ზამთრის ოლიმპიადაა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი ძირითადი საკითხი განიხილეს.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტოკიოში ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა გუჯა ბერიშვილმა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების შედეგები განიხილეს და წარმატებულად შეაფასეს.

ტოკიოში გამართულ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიელებმა ისტორიული შედეგი აჩვენეს – 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც საუკეთესო შედეგია ოლიმპიურ თამაშებში დამოუკიდებელი გუნდით მონაწილეობის პერიოდში. სეოკ-ის აღმასკომმა განსაკუთრებულად საქართველოს ძიუდოისტების და ძალოსნების გამოსვლები გამოარჩიეს.

გამოარჩიეს სეოკ-ის სამსახურების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, მწვრთნელებისა და სამედიცინო ჯგუფის მიერ გაწეული შრომატევადი და ნაყოფიერი საქმიანობა ლიცენზიანტი სპორტსმენების მზადების პროცესის, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ფორმირებისა და აკრედიტაციის, ეფექტური სამედიცინო მომსახურების, ტესტირებისა და ვაქცინაციის, სხვა ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველსაყოფად.

სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ტოკიოში გაცილებისა და ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, მიესალმა მთავრობის გადაწყვეტილებას მედალოსან სპორტსმენთა ფინანსური ჯილდოების სოლიდურად გაზრდის თაობაზე.

სეოკ-ის აღმასკომს ინფორმაცია ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (პეკინი, 2022 წლის თებერვალი) მზადების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ზამთრის სპორტის სახეობების კურატორმა მამუკა ხაბარელმა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა.

ჩვენმა მოციგურავეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს და ოთხივე დისციპლინაში მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზიები. ახლა მთავარია, ლიცენზიანტ სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეექმნათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 41-ე სემინარზე (24-25 ნოემბერი, სლოვაკეთი) საბოლოდ დამტკიცდება III ევროპული თამაშების პროგრამა და მონაწილეობის რეგლამენტი, აღმასრულებელმა კომიტეტმა მიწანშეწონილად ჩათვალა დღის წესრიგში შეტანილი საკითხის განხილვა სეოკ-ის აღმასკომის მომდევნო სხდომაზე.

ოლიმპიური მოძრაობის ხელშემწყობი ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის წინაშე წარსდგნენ დად წინადადებათა პაკეტის შესახებ აღმასკომს ინფორმაცია მიაწოდეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტებმა – ნინო სალუქვაძემ და მამუკა ხაბარელმა.

ოლიმპიური სოლიდარობის 2021-2024 წლების პროგრამების შესახებ აღმასრულებელ კომიტეტს ინფორმაცია წარუდგინა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.

აღმასკომის დადგენილებით, რეკომენდაცია მიეცათ სპორტის ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციებს სეოკ-ის შესაბამისი სტრუქტურის მეშვეობით, მწვრთნელების, მსაჯების, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მაქსიმალურად გამოიყენონ სეოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის შესაძლებლობები.

დღევანდელი აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე განისაზღვრა სეოკ-ის საანგარიშო სესიის მოწვევის თარიღი, დამტკიცდა საანგარიშო სესიის დღის წესრიგი და განისაზღვრა სამუშაო რეგლამენტი. სეოკ-ის მოქმედი წესდების VIII თავის I მუხლის შესაბამისად სეოკ-ის საანგარიშო სესია ჩატარდება 2021 წლის 17 დეკემბერს.

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტი იტოვებს უფლებას სესიის ჩატარების თარიღისთვის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი მარეგულირებელი სტრუქტურების დამატებითი რეგულაციების გათვალისწინებით, სესიის წევრებს შესთავაზოს სესიის ჩატარების ალტერნატიული ფორმა.