ტაიმაუტი | მაკა გიორგობიანი - მთავარია, ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად ვიასპარეზოთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | მაკა გიორგობიანი - მთავარია, ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად ვიასპარეზოთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ #1TVSPORT

ფიგურულ ციგურაობაში სალიცენზიო მარათონის ათვლა 2021 წელს შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო და ობერსდორფის საკვალიფიკაციო ტურნირზე დასრულდა. ოლიმპიური საგზურისთვის 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა და 102 ლიცენზია 32 ქვეყანაზე გადანაწილდა.

ოთხივე კატეგორიაში ( მამაკაცები, ქალები, სპორტული წყვილები, სპორტული ცეკვები) ლიცენზია მოიპოვა შვიდმა ქვეყანამ: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, კანადა, ჩინეთი, იაპონია, ჩეხეთი.

გუნდურ შეჯიბრზე დაშვებულია მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 10 გუნდი: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, გერმანია, ჩეხეთი, უკრაინა, კანადა, იაპონია, ჩინეთი, იტალია.

ისტორიაში პირველად საქართველო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხივე კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.

დღეს, 28 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი ესტუმრა, რომელმაც განვლილ ტურნირებსა და პეკინის ოლიმპიადაზე ისაუბრა.

„ამ ეტაპისთვის ეს იყო ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი. დიდი ხანია ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს ჰყავდეს გუნდი და არ იყვნენ ცალკე ერთეული მოციგურავეები. შევქმენით ოთხივე კატეგორია. ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, დაკომპლექტებულია იუნიორ მოციგურავეებით, მხოლოდ მორის ყვითელაშვილია გამოცდილი. ჩვენი გუნდის წევრებს უწევთ ხოლმე ახალგაზრდებში გამოსვლა, ახლა კი უფროსებს შეეჭიდნენ და ნამდვილად წარმატებით გაართვეს თავი. ლუკასთვის და კარინასთვის ეს იყო პირველი შეჯიბრი უფროსებში, რაც მათთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ თავი ძალიან კარგად გაართვეს. 20 წყვილი იბრძოდა ლიცენზიის მოსაპოვებლად და ისინი პირველი ტურის შემდეგ ლიდერებიც იყვნენ დიდების კატეგორიაში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წარმატებაა. ძალიან პერსპექტიული ბავშვები არიან და მათ ეს საქმითაც დაამტკიცეს.“

მაკა გიორგობიანმა „ტაიმაუტთან“ გიორგი რევიასა და მის ტრავმაზეც ილაპარაკა.

„ძალიან ვღელავდით, რადგან გიორგი რევია უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია, სწორედ ამიტომ გამოეთიშა ის უფროსების მსოფლიო ჩემპიონატს, შესაბამისად ვერ მიიღო მონაწილეობა და პირველი კომპლექტი ლიცენზიების სწორედ იქ გათამაშდა. პრობლემა ბოლომდე არ არის მოგვარებული, ოპერაცია გავუკეთეთ მუხლზე და ტრავმირებული წავიყვანეთ, მაგრამ ყველაფერს თავი გავართვით და რა თქმა უნდა, ჩვენს გვერდით იყო სპორტული მედიცინის ცენტრის ექიმი, რომელიც ძალიან დაეხმარა ჩვენს სპორტსმენებს და დიდი მადლობა უნდა ვუთხრა მას.“

ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მათ ამ წარმატებამდე ერთიანმა მიზანმა და ძლიერმა მენეჯმენტმა მიიყვანა.

„სწორი ხედვა ამოვირჩიეთ და მივდიოდით ამ გზით, ძლიერი მენეჯმენტით და ძლიერი გუნდით. ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს და განსაკუთრებულად დასაფასებელია ჩვენი მწვრთნელების მიზანმიმართული სწრაფვა იმისკენ, რომ საქართველო იყოს დაწინაურებული და იყოს ფიგურული ციგურაობის ელიტაში, სადაც ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგით. ათეულს საფრანგეთიც და კორეაც გამოეთიშა და ამის ფონზე ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა.“

მან პეკინის ოლიმპიადაზეც გაამახვილა ყურადღება.

„პეკინის ოლიმპიადამდე მზადებაზე, რა თქმა უნდა, ბევრია დამოკიდებული. მთავარი ეტაპი გადავდგით, მაგრამ მთავარია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეულად ვიასპარეზოთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა, რადგან რეიტინგი ჩვენს სახეობაში განსაზღვრავს ძალიან ბევრს – მსაჯები შეფასების დროს ამ რეიტინგებს ითვალისწინებენ.“

მაკა გიორგობიანმა პეკინის ოლიმპიადის მიზანზეც ისაუბრა და ამის შემდეგ ოლიმპიადაზე მედლებსაც დაგვპირდა.

„ოლიმპიურ თამაშებზე 10 გუნდი იქნება და ფინალში მხოლოდ 5 გადადის, რაც ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, რადგან თუ გავითვალისწინებთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენ ვეჯიბრებით – აშშ, რუსეთი, კანადა, იაპონია, ჩინეთი… ამ ეტაპზე ასეთი ახალგაზრდა გუნდით არ მინდა ამბიციურად გამოგვივიდეს, მაგრამ კარგი იქნება თუ შეძლებენ ფინალში გადასვლას, თუმცა პირდაპირ ეთერში გპირდებით, რომ ამის შემდეგ ოლიმპიადაზე ჩვენ აუცილებლად მედლებისათვის ვიბრძოლებთ.“