„ძალა ერთობაშია“ ამომრჩევლებს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში დარღვევების შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციას ინფორმაცია მიაწოდონ 
„ძალა ერთობაშია“ ამომრჩევლებს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესში დარღვევების შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციას ინფორმაცია მიაწოდონ 

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები ამომრჩეველს მოუწოდებენ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდონ.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას სხვადასხვა გზით ცდილობს. მათივე თქმით, დაკვირვების შედეგად გაყალბების შემდეგი გზები გამოიკვეთა – ამომრჩევლის მოსყიდვა, ყალბი პირადობის მოწმობები, ე.წ. სომხური კარუსელი. ამასთან, როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, პირველი და მეორე ტურის შუალედში 11 ათასი ახალი მონაცემი გაჩნდა საარჩევნო სიაში, ასევე გაყალბებისთვის გამოიყენება საარჩევნო ყუთები.

„სრული ტექნოლოგიური მზაობაა ჩვენი მხრიდან. გვაქვს პარალელური ცენტრალური საარჩევნო კომისია. კანტორა, რომელიც ცდილობს არჩევნების გაყალბებას, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად გაკონტროლებული, ამას არ ვაცდით. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ნუ ჩაიდენენ დანაშაულს, ყველა გამყალბებელი აგებს პასუხს. ტყუილად ნუ დადგებით უბნებთან, ჩვენ ყველაფერს გავაკონტროლებთ“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე მარკირების შემოწმებისა და რეგისტრაციის პროცესს დააკვირდებინ. მათი თქმით, შემოწმდება ყველა უბანი, რისთვისაც 20 ათასმა ადამიანმა გაიარა გადამზადება.