ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებაზე ჯარიმა ორმაგდება
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურებაზე ჯარიმა ორმაგდება. შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან. კანონპროექტის თანახმად, კანონდამრღვევი პირები არსებულის ორმაგი ოდენობის ჯარიმით – 100 ლარით დაისჯებიან.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების მიხედვით, ერთ მეტრ კუბამდე მოცულობის ფეკალური მასით, ან კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
ასევე კანონპროექტის მიხედვით, 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირთათვის განსაზღვრული ჯარიმა შეადგენს, 150 ლარის ნაცლად, 500 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის, 1000 ლარის ნაცვლად, 1500 ლარს.
ცვლილებების თანახმად, 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირები 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით დაჯარიმდებიან, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო იურიდიული პირები – 2000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 1000 ლარისა.
„ამ მუხლის შენიშვნაში ზუსტდება, რომ გარემოს დანაგვიანებად ასევე მიიჩნევა ცხოველური ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება. არსებული რედაქციით, მოცემული ქმედება არ ისჯებოდა, არ იყო სანქცირებადი, რადგან გარემოს დანაგვიანებად არ მიიჩნეოდა ამ ტიპის ნარჩენის მუნიციპალურ კონტეინერში მოთავსება, რაც არსებითად არასწორია და საჭიროებს დაზუსტებას. ახალი მუხლი ყალიბდება იმგვარად, რომ მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა, 200 ლარის ნაცვლად, 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა. მათ შორის, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას გაზრდილი ოდენობის ჯარიმით – 1500 ლარით“, – განმარტავენ ინიციატორები.
ამასთან, ცვლილებები ეხება სახიფათო ნარჩენებსაც. კერძოდ, პროექტით, ფიზიკური პირები სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან ზედაპირულ წყლებში ჩაშვებისთვის დაჯარიმდებიან 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 400 ლარისა, ხოლო იურიდიული პირები 10000 ლარის ოდენობის ჯარიმით, ნაცვლად 1000 ლარისა.
პროექტით განისაზღვრება, რომ სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას, 400 ლარის ნაცვლად – 5000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ნაცვლად – 10000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.