ძაღლები კატებზე ჭკვიანები არ არიან - ახალი კვლევა
ძაღლები კატებზე ჭკვიანები არ არიან - ახალი კვლევა

ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ძაღლები განსაკუთრებით ჭკვიანები არიან, საკმაოდ ცდება. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ძაღლების, სხვა შინაურ ცხოველთა და გარეულ მტაცებელთა ტვინის სიმძლავრე.

ექსეტერის უნივერსიტეტისა და კენტერბერის ქრისტეს უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლების კოგნიტური შესაძლებლობები თითოეულ ამ ჯგუფში სულ მცირე რამდენიმე სახეობისას ემთხვეოდა.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ძაღლებისა და სხვა ცხოველების გონებრივი შესაძლებლობების შესახებ ჩატარებული 300-ზე მეტი კვლევის შედეგები. მათ აღმოაჩინეს ძაღლების შესაძლებლობების სასარგებლოდ ინტერპრეტირების რამდენიმე შემთხვევა.

ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორის, სტივენ ლის განცხადებით, მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ ძაღლების გონებრივ შესაძლებლობების ირგვლივ ჩატარებული მრავალი კვლევა იქით იყო მიმართული, რომ „დაემტკიცებინათ, რამდენად ჭკვიანები არიან ძაღლები“.

მისი თქმით, ძაღლებს ხშირად ადარებენ შიმპანზეებს და როცა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები „იმარჯვებენ“, თითქოს მათი რეპუტაცია კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება.

როგორც პროფესორი ლი აღნიშნავს, თითოეულ შემთხვევაში მათ იპოვეს სხვა სახეობებთან დასაბუთებული შედარებები, რომლებშიც ისინი სულ მცირე ძაღლების მსგავსად ართმევდნენ თავს დავალებებს.

კვლევა ფოკუსირდებოდა მგრძნობიარე ცნობიერებაზე, ფიზიკურ ცნობიერებაზე, სივრცულ ცნობიერებაზე, სოციალურ ცნობიერებასა და თვითშეგნებაზე.

„თუ მხედველობაში მივიღებთ ამ სამ ჯგუფს (შინაური ცხოველები, კოოპერატიულად მონადირე ცხოველები და მტაცებლები), ძაღლის ცნობიერება სულაც არ ჩანს, როგორც გამონაკლისი“, — ამბობს დოქტორი ბრიტა ოსთაუსი.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლები სულელები არიან. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიან ცხოველებად შიმპანზეები და დელფინები მიიჩნევა.

ამავე დროს ცხადია ისიც, რომ სხვა ცხოველები, მაგალითად კატა, იმაზე გაცილებით ჭკვიანები არიან, ვიდრე აღვიქვამთ, სულ მცირე მაშინ, როცა მათ ძაღლებს ვადარებთ.

მაგალითისათვის შეიძლება გავიხსენოთ 2013 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, თქვენმა კატამ შესანიშნავად იცის, თუ როდის ეძახით. მაგრამ შეიძლება ამ დროს მან სრულიად დაგაიგნოროთ, რადგან ის მიმდინარე სიტუაციით უფრო ერთობოდეს, ვიდრე იმით, რაც თქვენ შეიძლება შესთავაზოთ.

ასევე ცნობილია, რომ მგლები, სავარაუდოდ უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ძაღლები. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ძაღლის ზოგიერთი ჯიში სხვა ჯიშებზე უფრო ჭკვიანია.

კვლევა ჟურნალ Learning & Behavior-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია exeter.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.