დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილ პირს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება
სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, პაციენტს სასიცოცხლო მაჩვენებლები შენარჩუნებული აქვს, ესაჭიროება გადაუდებელი ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია ჩაატარა. ომალოსა და დუისში საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ერთდროულად მიმდინარეობდა. ომალოში ბადო ჩოფიკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობის იარაღი ამოიღეს. არსებული ინფორმაციით, ბადო ჩოფიკაშვილი აჰმედ ჩატაევის რაზმისთვის ხელშეწყობის ბრალდებითაადაკავებული.
დუისში ვახო მაჩალიკაშვილის სახლი გაჩხრიკეს. დაკავებული არიან ძმები მაჩალიკაშვილები.
სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში, სავარაუდოდ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით მიმდინარეობს.