დრონი ციმბირის „ქვესკნელის კარიბჭეში“ ჩაფრინდა და შთამბეჭდავი ვიდეო გადაიღო — #1tvმეცნიერება
დრონი ციმბირის „ქვესკნელის კარიბჭეში“ ჩაფრინდა და შთამბეჭდავი ვიდეო გადაიღო — #1tvმეცნიერება

წლების განმავლობაში, კლიმატის გათბობასთან ერთად, ციმბირის მუდმივად გაყინულ ნიადაგებში ხშირად შეიმჩნევა ჩანგრევა; უცბად, არსაიდან ჩნდება ხვრელები. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანთა ფეხქვეშ გაზი იფრქვევა.

ყველაზე დიდ და კარგად ცნობილ ასეთ ხვრელს ადგილობრივი იაკუტი ხალხი „ქვესკნელის კარიბჭეს“ უწოდებს.

2018 წელს, როდესაც ამ ანომალიის შესახებ მსოფლიო მედია აქტიურად იუწყებოდა, ის იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ჩნდებოდა დიდი ხნის წინ ჩამარხული ტყეები, ცხოველების სხეულები და მთელი 200 000 წლის ისტორიული კლიმატური ჩანაწერები.

ამჯერად, კრატერში რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიის დრონი ჩაფრინდა და ფენომენის სრული მასშტაბები აღბეჭდა.

მას ბატაგაიკის კრატერს უწოდებენ და თერმოკარსტს წარმოადგენს.

ბოლო წლებში ციმბირში მრავალი ასეთი კრატერი გაჩნდა, მაგრამ მეცნიერთა აზრით, ზომის გამო, ბატაგაიკის კრატერი ამ ზონაში ანომალია უნდა იყოს. მდებარეობს რეგიონის დედაქალაქ იაკუტსკიდან 660 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით.

გეოლოგიური დეპრესიის სიგრძე ერთი კილომეტრია, სიღრმე კი 100 მეტრი. თუმცა, 2016 წლის კვლევის მიხედვით, წელიწადში მისი ზომა საშუალოდ 10 მეტრით იზრდება.

მიწამ ჩავარდნა 1960-იან წლებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მიმდებარე ტყე გაიჩეხა და გაყინულმა ნიადაგმა (მრავალწლოვანი მზრალობა) ლღობა დაიწყო.

კრატერი ზომაში ზრდას განაგრძობს, რადგან ფსკერი დნება და შიშვლდება ქვეშ არსებული უფრო მეტი გაყინული ქანი.

„კრატერი სავარაუდოდ მთელ ფერდობს გადასანსლავს და შემდეგ შენელდება. ყოველ წელს, როცა ტემპერატურა ნულს ზემოთ ადის, პროცესი გრძელდება. მას შემდეგ, რაც ასეთი რამ გაჩნდება, მისი შეჩერება ურთულესია“, — ამბობდა 2016 წელს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის გეოგრაფი მერი ედვარდსი.

რეგიონის არასტაბილურობა მხოლოდ ადგილობრივთათვის როდია სახიფათო. არსებობს საშიშროება, რომ ხვრელის ზრდა-გაღრმავებასთან ერთად, მოშიშვლდება ნახშირბადის საცავები, რომლებიც იქ უკვე ათასწლეულებია არსებობს.

ამას გარდა, არ დაგვავიწყდეს, რომ ცოტა ხნის წინ, გააღვიძეს ციმბირში ათეულ ათასობით წლის წინ გაყინული ვირუსები.

თუმცა, არის ერთი დადებითი მომენტიც. 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კრატერში მოშიშვლებულმა შრეებმა შეიძლება მოგვაწოდოს მთელი 200 000 წლის განმავლობაში შენახული კლიმატური მონაცემები.

ასევე ჩნდება დიდი ხნის წინ ჩამარხული ტყეების ნარჩენები, უძველესი ყვავილის მტვრის ნიმუშები, ხარვერძის, მამონტის და 4400 წლის წინანდელი ცხენის გაყინული სხეულებიც კი.

თუ უფრო ბევრი რამ გვეცოდინება ჩვენი პლანეტის წარსულში მომხდარი კლიმატური ცვლილებების შესახებ, მით უფრო უკეთესად მოვემზადებით ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილებისთვის.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.