დრონების გამოჩენის გამო, დუბაის აეროპორტში დროებით ყველა ავიარეისი გადაიდო
დრონების გამოჩენის გამო, დუბაის აეროპორტში დროებით ყველა ავიარეისი გადაიდო.
„ევრონიუსის“ (Euronews) ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო აეროპორტში 30 წუთის განმავლობაში ყველანაირი აქტივობა შეჩერებული იყო.
ფრენები ადგილობრივი დროით 10:13-10:45 საათის განმავლობაში იყო შეჩერებული. როგორც საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია იუწყება, ამ მომენტისთვის ინციდენტის აღმოფხვრა მოხერხდა.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად საშუალოდ 81 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
მსგავსი შემთხვევები ცოტა წინ გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაფიქსირდა. დიდ ბრიტანეთში ჯერ გეთვიკის, შემდეგ კი ჰითროუს საერთაშორისო აეროპორტებში დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო, ფრენა თითქმის ერთი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული.
იანვარში მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა აშშ-ში ნიუარკის აეროპორტშიც, სადაც დრონების გამოჩენის გამო, ფრენა რამდენიმე საათით იყო გაუქმებული.