დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე დღეს მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა.

როგორც სერგი კაპანაძე განმარტავს, შეხვედრა სარალიძის სახლში დღეს დილით შედგა.

მისივე თქმით, საქმეზე უფრო დეტალურად სასაუბროდ სარალიძე პარლამენტში ხვალ ადვოკატთან ერთად მივა.

სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს დილით სახლში გამართულ შეხვედრაზე კი, საუბარი საგამოძიებო კომისიის სამუშაო გეგმებს შეეხო.

რაც შეეხება კითხვას, უცხადებს თუ არა ნდობას ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, პასუხად სერგი კაპანაძე განმარტავს, რომ მოკლული მოზარდის მამა ამასთან დაკავშირებით პოზიციას თავად დააფიქსირებს.

„ზაზა სარალიძე თვითონ დააფიქსირებს პოზიციას კომისიასთან მიმართებაში და თქვენ თვითონ განსაჯეთ, აქვს თუ არა მას ნდობა. მასთან სახლში ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ძალიან ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხვალ ადვოკატთან ერთად მოვა”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სერგი კაპანაძემ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე დღეს არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს შეხვდება.