დოროტა დლოუჩი - მიუხედავად წარმატებებისა, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კვლავაც არსებობს გამოწვევები
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიუხედავად წარმატებებისა, კვლავაც არსებობს გამოწვევები ისეთ თემებში, როგორიც არის მაგალითად, უმცირესობების უფლებები, გენდერული თანასწორობა და გენდერული ძალადობაა, – ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების ხელმძღვანელმა, დოროტა დლოუჩმა განაცხადა.
როგორც დოროტა დლოუჩმა აღნიშნა, ევროკავშირის მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობამ სურვილი გამოთქვა და ევროკავშირის ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც არის “გლობალური კოალიცია ადამიანის უფლებებისათვის.”
„ეს კოალიცია სხვადასხვა ქვეყნებიდან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წარმატებული მაგალითების გაზიარებას ითვალისწინებს. სხვა ქვეყნების მაგალითების მოსმენა ამ მხრივ საინტერესო იქნება იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც კოალიციის წევრები არიან. უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანის უფლებები იმდენად სენსიტიური სფეროა, რომ ამ სფეროში გამოწვევები თვით ევროკავშირსაც კი აქვს და ჩვენ ამ გამოწვევებთან გასამკალვებლად ვიბრძვით. საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიუხედავად წარმატებებისა, კვლავაც არსებობს გამოწვევები ისეთ თემებში, როგორიც არის მაგალითად, უმცირესობების უფლებები, გენდერული თანასწორობა და გენდერული ძალადობაა. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ამ სფეროების გასაუმჯობესებლად ვთანამშრომლობთ. უნდა აღინიშნოს საქართველოს მთავრობის წარმატება, მაგალითად, პენიტენციალური სფეროს რეფორმის საკითხებში. 2012 წლიდან ამ მიმართულებით მთელი რიგი წარმატებული რეფორმები იყო განხორციელებული”, – განაცხადა დოროტა დლოუჩმა.
საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის ახალ ინიციატივაში – Good Human Rights Stories (GHRS) მოხვდა.
ინიციატივა – Good Human Rights Stories (GHRS) 2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტავროს ლამბრინიდისმა წარადგინა. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას.
ინიციატივის საფუძველზე, იგეგმება არაფორმალური რეგიონთაშორისი ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ისტორიების გაზიარება. საქართველოსთან ერთად, რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრებად მიწვეულნი არიან – ნორვეგია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ჩილე, ინდონეზია, კორეა და სხვა.
როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმატების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით, აღნიშნულ სიაში შეყვანილი არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.
ინიციატივისა და ჯგუფის ოფიციალური წარდგენა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე გაიმართება.