დონეცკში ჩამოგდებული თვითმფრინავის ჰოლანდიელ მსხვერპლთა ნათესავები რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ
დონეცკში 2014 წელს ჩამოგდებული სამგზავრო თვითმფრინავის ჰოლანდიელ მსხვერპლთა 270 ნათესავი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. გამოცემა De Morgen-ის ინფორმაციით, ოჯახების ამერიკელმა ადვოკატმა ჯერი სკინერმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა 13 ივნისამდეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ამავე ავიაკატასტროფის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი უკვე აქვს შეტანილი 33 მალაიზიელს, ავსტრალიელსა და ახალზელანდიელს.
მსხვერპლთა ნათესავების ადვოკატი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთადერთია, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ფიზიკური პირების სარჩელის განხილვა შეუძლია. 270 პირი 130 მსხვერპლს წარმოადგენს.
24 მაისს საერთაშორისო ექსპერტებმა რეის MH17-ის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. ამის შემდეგ ნიდერლანდების და ავსტრალიის მთავრობებმა დონეცკის ოლქში 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს.
კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს.