დონალდ ტუსკი სპეციალურ კომისიას ქმნის, რომელიც „რუსულ და ბელარუსულ გავლენებს“ გამოიძიებს
დონალდ ტუსკი სპეციალურ კომისიას ქმნის, რომელიც „რუსულ და ბელარუსულ გავლენებს“ გამოიძიებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრძანება გასცა, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც „რუსულ და ბელარუსულ გავლენებს“ გამოიძიებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტუსკმა მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონელმა მოსამართლემ, რომელსაც სამხედრო საიდუმლოებაზე ჰქონდა წვდომა, თავშესაფარი ბელარუსს სთხოვა.

„საქმის განახლების ან შესაბამისი ორგანოს შექმნის საკითხი, რომელიც უფრო ეფექტურად გამოიძიებს რუსეთის გავლენას პოლონურ პოლიტიკაზე, დღის წესრიგშია“, – განუცხადა ტუსკმა ჟურნალისტებს უსაფრთხოების შეხვედრის შემდეგ, სადაც „რუსეთისა და ბელარუსისგან მომავალი ჯაშუშური საფრთხე“ განიხილეს.

ტუსკმა განაცხადა, რომ „რუსეთისა და ბელარუსის გავლენის“ საგამოძიებო კომისია ცხრიდან 13-მდე ადამიანით იქნება დაკომპლექტებული, მათ კანდიდატურებს კი მინისტრები წარადგენენ. კომისიას პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, გენერალი იაროსლავ სტრუჟიკი უხელმძღვანელებს. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ კომისიის მუშაობის პირველი ანგარიში ზაფხულში გამოქვეყნდება.

როგორც მედია წერს, ხელისუფლებაში მყოფი დონალდ ტუსკის წინამორბედებმა, პარტიამ „კანონმა და სამართლიანობამ“ ასევე შექმნეს კომისია რუსული გავლენის გამოსაძიებლად, რომელიც მაშინ გააკრიტიკეს, მათ შორის, ევროკავშირშიც, რადგან აღიქმებოდა, რომ ის ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული.