დონალდ ტუსკი - შეშფოთებული ვარ გიგი უგულავას გასამართლებითა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით
დონალდ ტუსკი - შეშფოთებული ვარ გიგი უგულავას გასამართლებითა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, დონალდ ტუსკი თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ტუსკი წერს, რომ „შეშფოთებულია უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით“.

„შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისთვის არსებითია“,- წერს დონალდ ტუსკი.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.