დონალდ ტუსკი - რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები, დისპროპორციულია, უსამართლოა და არაფრით არ არის გამართლებული
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, უსამართლოა.
დონალდ ტუსკმა რუსეთის გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში შეწყვიტოს ფრენები არის ერთი მხრივ, დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ამ შემთხვევაში ევროკავშირი სოლიდარულია საქართველოს მიმართ და მთლიანად ვადასტურებთ, საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას.
ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმების მიმართ, კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილებების საფუძველზე გრძელდება“, – განაცხადა ტუსკმა.
ამასთან, მისი თქმით, სასამართლო სისტემა უფრო მეტად იპოვებს საზოგადოებრივ ნდობას, ხოლო ეკონომიკა გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისთვის.
დონალდ ტუსკი საქართველოში ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. ბათუმში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ მიმდინარეობს, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება. დონალდ ტუსკი კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან ოფიციალურად შეწყდა. რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები ექვსმა რუსულმა და ორმა ქართულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.