დონალდ ტუსკი ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირის შედარებას სულელურსა და მიუღებელს უწოდებს
დონალდ ტუსკი ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირის შედარებას სულელურსა და მიუღებელს უწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირის შედარებას სულელურსა და მიუღებელს უწოდებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ასე გამოეხმაურა დონალდ ტუსკი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯერემი ჰანტის განცხადებას, რომელმაც ევროკავშირი საბჭოთა კავშირს შეადარა.

„ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება ისეთივე სულელურია, როგორიც შეურაცხმყოფელი. საბჭოთა კავშირი ეფუძნებოდა ციხეებსა და გულაგებს, საზღვრებსა და კედლებს, მოქალაქეებისა და მეზობლების წინააღმდეგ ძალადობას. ევროკავშირი კი დაფუძნებულია თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე, კეთილდღეობასა და მშვიდობაზე, შიშის გარეშე ცხოვრებაზე. ის ემყარება დემოკრატიასა და პლურალიზმს – ეს არის კონტინენტი შიდა საზღვრებისა და კედლების გარეშე“, – განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, როგორც ადამიანმა, რომელმაც ცხოვრების ნახევარი საბჭოთა ბლოკში გაატარა, მან იცის, რაზეც საუბრობს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ბრიტანეთმა ევროკავშირი უნდა განიხილოს პარტნიორად საბჭოთა აზროვნების წინააღმდეგ.